დღის თემამსოფლიო

რა განადგურდა და რა გადარჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ

შპილი და „ტყე“ ცეცხლმა შთანთქა, თუმცა რელიკვიების და შედევრების უმეტესობა გადარჩა. პირველი კადრები ტაძრის ინტერიერიდან.

ე. წ. „ტყე“ – “La forêt” – ნოტრ დამის მუხის ხის 8-საუკუნოვანი საყდენი კონსტრუქციის სახელწოდებაა, რომელიც შუასაკუნეების საგანძურს წარმოადგენდა. ეს კონსტრუქცია მთლიანად ცეცხლმა შთანთქა.

26.06.2018, „ტყე“ რესტავრაციის დაწყებისას.  AFP / Ludovic MARIN

რაც შეეხება შპილს (la flèche), ერთგვარ კოშკს, რომლის სიმაღლე მიწიდან 93 მეტრს აღწევდა, ისიც ცეცხლს ემსხვერპლა.

26.06.2018, AFP / Ludovic MARIN

კულტურის მინისტრის, ფრანკ რისტერის თქმით, ტაძრის ძირითადი სტრუქტურა, ფასადი და კოშკები გადარჩა, თუმცა სპეციალისტები ჯერჯერობით ისევ ამოწმებენ შენობის სიმყარეს, რათა  ჩამონგრევის საფრთხე მთლიანად გამოირიცხოს.

დიდი ზარი (LE BOURDON) გადარჩა

ტაძრის ყველაზე დიდი ზარი, რომელიც სამხრეთ კოშკშია, გადარჩა. 300 წელზე მეტი ხნის წინათ ჩამოსხმული ბრინჯაოს ზარი 13 ტონაზე მეტს იწონის და მისი რეკვა ისმის კათოლიკური დღესასწაულებისა და დიდი მოვლენების დროს, როგორიცაა, მაგ., პაპის გარდაცვალება ან ახალი პონტიფიკოსის არჩევა.

12.02.2013. REUTERS/Charles Platiau
ეკლის გვირგვინი – უწმინდესი რელიკვია გადარჩა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიკვია, ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც იესო ქრისტეს წამებამდე ეხურა, გადარჩა. ის დედამიწაზე ქრისტეს მეფობის სიმბოლოს წარმოადგენს.

1896 წლიდან გვირგვინი ბროლისა და ოქროს მილშია (tube) მოთავსებული და მორწმუნეების წინაშე ყოველი თვის პირველ პარასკევს გამოჰქონდათ.

21.03.2014. REUTERS/Philippe Wojazer
წმინდა ლუის ქიტონი – გადარჩა

წმინდა ქიტონი – ეს არის სადა გრძელი პერანგი, რომელიც უბრალოების და ფუფუნების უარყოფის ნიშნად ეცვა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ს 1239 წელს, წმინდა გვირგვინის მიღების ცერემონიაზე. ქრისტეს ეკლის გვირგვინი ბოდუენ მეორე დე კურტენესგან, ლათინთა იმპერიის უკანასკნელი იმპერატორისგან, საფრანგეთმა დიდი ფულის სანაცვლოდ მიიღო. რელიკვია ცეცხლს გადაურჩა.

29.11.2012. AFP PHOTO / PATRICK KOVARIK
დიდი ორგანი: მისი მდგომარეობა ჯერ გაურკვეველია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 3 ორგანია. მათ შორის ყველაზე დიდის აგება მე-15 საუკუნეში დაიწყო და თავის საბოლოო ზომას მე-18 საუკუნეში მიაღწია. ორგანს აქვს 5 კლავიატურა, 109 ნაკრები და თითქმის 8000 მილი. მისი მოსმენა საკვირაო მსახურებისას ან საღამოს სოლო კონცერტების დროს იყო შესაძლებელი. ორგანის ბოლო რესტავრაცია 2014 წელს ჩატარდა. კულტურის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ერთი შეხედვით, ორგანი წესრიგშია, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ნაადრევია.

01.02.2004, AFP / STEPHANE DE SAKUTIN
მთავარი საკურთხეველი – სავარაუდოდ, გადარჩა

1856 წელს, რეკონსტრუქციის დროს დამონტაჟებული მთავარი საკურთხეველი, წინასწარი ინფორმაციით, გადარჩა.  მასზე აღმართული ჯვარი ისევ თავის ადგილზეა.

საკურთხევლის უკან მდებარეობს სკულპტორ ნიკოლა კუსტუს მიერ შესრულებული მონუმენტური ქანდაკება – მტირალი ქალწულ მარიამის ქანდაკება, რომელსაც მუხლებზე ჰყავს დასვენებული ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტეს სხეული. სკულპტურა შესრულებულია ლუი მე-14-ის დაკვეთით 1712-1728 წლებს შორის.

26. 06.2018, AFP / Ludovic MARIN
ვიტრაჟები: ჯერ დაუზუსტებელ მდგომარეობაშია

ნოტრ დამი უამრავ ვიტრაჟს ითვლის, მათგან განსაკუთრებით ღირებულია XIII საუკუნის სამი ოვალური ვიტრაჟი, რომლებიც სამოთხის ყვავილებს განასახიერებენ (სამხრეთის ვიტრაჟი, ჩრდილოეთის ვიტრაჟი და დასავლეთის ვიტრაჟი).

26.06.2018, AFP/Ludovic MARIN

ამ მომენტისთვის მათი მდგომარეობა უცნობია. France Inter-ის წყაროს ცნობით, ისინი კარგ მდგომარეობაშია, თუმცა ზოგიერთი ზონა გაშავებულია. პარიზის პროტოპრესვიტერის, რექტორის, ბატონ შოვეს თქმით, გამორიცხული არ არის, საჭირო გახდეს ერთი ვიტრაჟის დემონტაჟი იმის გამო, რომ შესაძლოა მინების შემაერთებელი ტყვია დადნა.

წყარო: Le Monde

პირველი კადრები ტაძრის ინტერიერიდან ხანძრის შემდეგ:

წყარო: https://www.lemonde.fr/les-decodeurs/article/2019/04/16/incendie-de-notre-dame-de-paris-ce-qui-a-ete-perdu-et-ce-qui-a-ete-sauve_5450988_4355770.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close