ესპანეთში ქართველების დაკავების ფაქტზე პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს

ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც საუბარია კრიმინალზე, იქ ზომებს შესაბამისი სახელმწიფო იღებს, საქართველომ კი თავისი მოქალაქეების ინტერესები უნდა დაიცვას, აქედან გამომდინარე, ქართული მხარე  ამ  პროცესში ჩერთვება.

რაც შეეხება კითხვას – შესაძლოა თუ არა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამ პერსპექტივას „არარელევანტურს“ უწოდებს და ამბობს, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე ჩვენს ქვეყანას არ დაემუქრება.

„ეს არარელევანტურია. ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირიდან აქტიურად ვთანამშრომლობთ და არავითარი უარყოფითი პერსპექტივა ამ კუთხით არ არსებობს. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, მათ შორის, ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებთან და ეს იმის კარგი გარანტია და საწინდარია, რომ ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ. შესაბამისად, შეჩერების მექანიზმის კუთხით ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ დაემუქრება“, – განაცხადა კობახიძემ.

ესპანეთში კატალონიისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ გუშინ, 4 აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფმა ბარსელონაში და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე 70-მდე ბინა გაქურდა. მასშტაბურ სპეცოპერაციაში 250-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა.

„სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, „დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას“.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, ესპანეთში საქართველოს 41 მოქალაქეც არის დაკავებული საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის და გავრცელებული ინფორმაციით, მათ დეპორტაცია ემუქრებათ.

ესპანური გამოცემის, elperiodico.com-ის ცნობით, ბარსელონაში ქართველი ლტოლვილების რაოდენობა უკანასკნელ ხანს ძალიან გაიზარდა – მიმდინარე წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 300-მა მოქალაქემ მოითხოვა, რომელთა შორის უმეტესად არიან ოჯახები პატარა ბავშვებით.  ბარსელონის სავიზო განყოფილებასა და „წითელ ჯვარში“ ვერ ხსნიან, რატომ გაიზარდა ასე თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი.

ჩვენი ვარაუდით კი, ეს იმ ფაქტს უკავშირდება, რომ საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში თავშესაფრის მიღება ბოლო დროს თითქმის შეუძლებელია და უფრო პოპულარული მიმართულება საქართველოს მოქალაქეებისთვის ესპანეთი გახდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ კუთხით ესპანეთიც მკაცრი ზომების გატარებას აპირებს.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: 1 tv.ge

კომენტარები