2015 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირი ხმელთაშუა ზღვაში 730 ათასამდე მიგრანტის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ევროკომისარი მიგრაციისა და საგარეო საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ევროპარლამენტისთვის განკუთვნილ წერილში წერს. ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული გამოცემა ავრცელებს.
„ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა ევროკავშირისა და მისი წევრებისთვის აუცილებლობად რჩება“, – წერს ავრამოპულოსი და განსაკუთრებით ხაზს უსვამს არასახელისუფლებო ორგანიზაციების როლს ამ საქმეში.
26 მარტს ევროკავშირმა ლიბიის სანაპიროსთან სამხედრო-საზღვაო ოპერაცია „სოფიას“ დასრულების შესახებ გამოაცხადა, რომელიც მიგრანტების გადაყვანით დაკავებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან საბრძოლველად და მიგრანტთა გადასარჩენად შეიქმნა. მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტთა განაწილების ახალ სქემაზე ვერ შეთანხმდნენ, არალეგალურ მიგრანტთა გამცილებელების ქსელის საქმიანობის კონტროლი „სოფიას“ ფარგლებში მხოლოდ საჰაერო გზით განხორციელდება, თუმცა ლიბიის სანაპირო დაცვის თანამშრომელთა სწავლება კვლავ გაგრძელდება.
ევროკავშირში ჩასულ არალეგალურ მიგრანტთა რაოდენობა ბოლო წლებში მცირდება. მაგ., საგარეო საზღვრების დაცვის ევროპულმა სააგენტომ 2018 წელს ევროკავშირის საზღვრების 150 114 არალეგალურად გადაკვეთა დააფიქსირა. ეს 27%-ით ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს.
კომენტარები