სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა ბრალში დამნაშავედ ცნეს
ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმესთან დაკავშირებით გორის რაიონულ სასამართლოში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად ცნეს დამნაშავედ, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაში.
მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობასა და გაუპატიურებას. აღნიშნული დანაშაული 16-იდან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
კონკრეტულად რამდენწლიან პატიმრობას შეუფარდებს მოსამართლე მალხაზ კობაურს, ხვალ, 27 მარტს გახდება ცნობილი – ამ დღეს ჩაინიშნა გორის რაიონულ სასამართლოში სხდომა სასჯელის განსაზღვრისთვის. ბრალდების მხარე კობაურისთვის თავისუფლების უვადოდ აღკვეთას მოითხოვს, ბრალდებულის ადვოკატები ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. გამამტყუნებელი ვერდიქტით უკმაყოფილოა კობაურის ოჯახიც, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლო საზოგადოების ნეგატიური გავლენის ქვეშ მოექცა.
2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 წელს და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა გარდაცვლილები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბიჭუნას ცხედარიც.
მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 2018 წლის 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.
კომენტარები