სალვინიმ პოზიცია შეიცვალა: “Sì cittadinanza a Ramy, è come mio figlio” – „დიახ, მოქალაქეობა რამის, იგი ჩემთვის შვილივითაა“.
ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ 13 წლის რამი შეჰატასთვის იტალიის მოქალაქეობის მინიჭებას მხარს უჭერს – სწორედ ამ ეგვიპტელმა ბიჭმა შეძლო, პოლიციისთვის შეეტყობინებინა იტალიის მოქალაქე სენეგალელი მძღოლი-ტერორისტის მიერ სასკოლო ავტობუსის და ბავშვების გატაცების შესახებ. შემთხვევა 20 მარტს სან დონატო მილანეზეში მოხდა. მძღოლმა ავტობუსი დაწვა, თუმცა, საბედნიეროდ, 51-ვე ბავშვი უვნებლად გადარჩა. როგორც დაკავების შემდეგ ტერორისტმა განაცხადა, უნდოდა ბავშვები ფარად გამოეყენებინა და მილანის აეროპორტიდან აფრიკაში გაფრენილიყო.
სალვინიზე ადრე რამი შეჰატასთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე მხარდაჭერა გამოთქვეს მეორე მმართველი პარტიის, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერებმა.
“Sì cittadinanza a Ramy, è come mio figlio” – „დიახ, მოქალაქეობა რამის, იგი ჩემთვის შვილივითაა. მან აჩვენა, რომ ესმის ამ ქვეყნის ღირებულებები, თუმცა მინისტრი ვალდებულია უზრუნველყოს კანონების დაცვა. მამაცობისა და თავდადების აქტისთვის კანონების გადალახვაც შეიძლება“, – განაცხადა მატეო სალვინიმ.
ხვალ 5 ბავშვს (მათ შორის, რამის) და 12 კარაბინერს, რომლებიც ბავშვების გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდნენ, რომში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე ელოდებიან.
ხალედ შეჰატაზე, რამის მამაზე, პოლიციას აქვს ჩანაწერები: როგორც გამოცემა „ანსა“ წერს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ეს ჩანაწერები უკავშირდება იტალიაში არალეგალურად ყოფნას, 1999 წელს ჩადენილ ქურდობას, აგრეთვე, ყალბი მოწმობის ფაქტს, თითქოს იგი სახელმწიფო მოხელე იყო, თუმცა რამის მამას ნასამართლეობა არ აქვს.
ხალედ შეჰატამ შვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილების შესახებ Rai Radio1-ის გადაცემა „Un Giorno da Pecora“-ს პირდაპირ ეთერში შეიტყო: „სალვინიმ თანხმობა თქვა რამისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე? მე არაფერი ვიცი. ასე რომ იყოს, ბედნიერი ვიქნებოდი და რამიც ბედნიერი იქნებოდა, რომელიც ახლა აქ, ჩემ გვერდითაა, მას ბედნიერი სახე აქვს, ბედნიერია“, – წამოიძახა აღელვებულმა ხალედმა. თავად რამიმ კი პირდაპირ ეთერში თქვა: „ბედნიერი ვარ, მადლობას ვუხდი მატეო სალვინის და ლუჯი დი მაიოს“.
მინისტრებმა – ლუჯი დი მაიომ და ალფონსო ბონაფედემ ამ ახალ ამბავზე ასეთი კომენტარი გააკეთეს: „მოხარულები ვართ, რომ სალვინი დავარწმუნეთ“.
კომენტარები