ქართველები უცხოეთშიხელოვნებაინტერვიუკულტურა

ქართველი ემიგრანტი პოეტი იტალიაში, რომელიც მატეო სალვინის ნათესავი ჰგონიათ

„ჩემთვის ემიგრანტობა, ისევე როგორც ნებისმიერი ემიგრანტისთვის, უზომო ტკივილსა და ნოსტალგიასთან ასოცირდება… მაგრამ ყოველი დღე იმედიანი და მზიანი მითენდება ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ჩემი სამშობლოს ნახვის იმედით“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ახალგაზრდა ქართველი პოეტი გიორგი რამაზაშვილი, რომლის შემოქმედებაც თუშურ დიალექტზე გაიცნო საზოგადოებამ. გიორგი ამჟამად იტალიაში იმყოფება და მონატრებას, ტკივილსა და სევდას ლექსით, სიმღერით, გარმონზე დაკვრით ოდნავ მაინც იქარვებს, მთელ თუშეთს „მოივლის“ ხოლმე ერთი მელოდიით.

გიორგი, იტალია, თუ არ ვცდები, მეორე ქვეყანაა, სადაც სამუშაოდ ხართ წასული. მოგვიყევით თქვენ შესახებ – როგორ აღმოჩნდით ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში?

რა გითხრათ?!.. ადრეულ ასაკში შევეჭიდე ემიგრაციის ძნელად სავალ გზას. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მეც ამ მძიმე სიდუხჭირემ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. რთული და ცოტა უცნაური გზა გავიარე ამ წლების განმავლობაში. პირველად, როდესაც ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე, მინდოდა საბერძნეთში წავსულიყავი, სადაც ბევრი ჩემი ახლობელია. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიშოვე საჭირო თანხა, ამიტომ გადავწყვიტე თურქეთში წავსულიყავი. თბილისში ვნახე პიროვნება, რომელმაც მომიწესრიგა საბუთები და თავადვე უნდა ეზრუნა ჩემს დაბინავებასა და სამსახურზე. თუმცა, სტამბოლში ჩასულს, ავტოსადგურში არავინ დამხვდა. გვიან შებინდებამდე, ვიდრე ის ერთადერთი ოფისიც არ დაიკეტა, რომლის წინაც მთელი დღე დავაღამე, ჩემი პატრონი არავინ გამოჩენილა. საბედნიეროდ, ამ ოფისიდან გამოსული მამაკაცი დამეხმარა, რომელიც თურქეთში მცხოვრები ქართველი აღმოჩნდა. დავბინავდი და მალე ტანსაცმლის ფაბრიკაში დავიწყე მუშაობა, სადაც კიდევ 25 ქართველი მუშაობდა. ასე დაიწყო ჩემი 8-წლიანი ემიგრანტობა. ვიმუშავე სხვადასხვა დაწესებულებაში: ფაბრიკა-ქარხნებში, კაფე-რესტორნებში, ვილებზე, სასტუმროებში…

იქ ყოფნის პერიოდში, ინტერნეტის საშუალებით, შემთხვევით გავიცანი ახლა უკვე ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი რევაზ რამაზაშვილი, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. რევაზი დღემდე ქართულ-თურქულ სატრანსპორტო კომპანია „დემირკოლში“ მუშაობს ლოჯისტიკის მთავარ მენეჯერად. კომპანიის სათავო ოფისი სტამბოლშია.

გარკვეული დროის შემდეგ რევაზმა თავისთან მუშაობის დაწყება შემომთავაზა. ძალიან გამიხარდა და სიამოვნებით დავთანხმდი. სამსახურში იმდენად ოჯახური სიატუაცია გვქონდა, რომ არ არსებობდა უფროსი და ყველაზე დაბალი თანამდებობაც კი, ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით. ერთ დღეს ქრისტიანულ ტაძარში წავედით და იქ შემთხვევით გავიცანი ქალბატონები, რომლებიც სტამბოლში არსებულ ქართული კულტურის ცენტრში მოღვაწეობდნენ. მიმიწვიეს ამ ცენტრში და მალე ჩემი შემოქმედებითი საღამოს ჩატარებაც დაიგეგმა, რომელსაც კულტურის ცენტრის მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი ეშრეფ ილმაზ მახარაძე და ჩემი საღამოების ორგანიზატორი, ქალბატონი თეა თეთრაძე ჩაუდგნენ სათავეში.

ამის შემდეგ უკვე საფუძვლიანად მოვკიდე ხელი, სამსახურთან შეთავსებით, ქართული კულტურის ცენტრში მოღვაწეობასაც. შემოქმედებითი საღამო მომიწყო ქართული ხელოვნების სახლმაც, რომელსაც ანსამბლ „ჩვენებურების“ ხელმძღვნელი ბატონი იბერია ოზკან მელაშვილი უდგას სათავეში.

ჩემი ლექსები – ჩემი შვილებია. ცენტრში მოღვაწეობა ბევრად მიიოლებდა ემიგრანტობის მძიმე ჯაჭვის ტარებას.

ასე გაილია 8 წელი და დავბრუნდი საქართველოში იმ იმედით, რომ თავის გადასარჩენად ლუკმაპურის ფულს მაინც ვიშოვიდი, მაგრამ ამაოდ. ბევრი წვალების და ცდის შემდეგ იტალიაში წამოსვლა გადავწყვიტე. არასოდეს დამიმალავს და არც მეთაკილება, ვთქვა: ვიხვეწებოდი, მეეზოვედ ვიმუშავებ ან ნებისმიერ საქმეს გავაკეთებ, ოღონდ საქართველოს ნუღარ დამატოვებინებენ-მეთქი. ჩემი დებისა (ორი უფროსი და მყავს) და მეგობრების იმედად ვიყავი. მრცხვენოდა, ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა კაცი ვერაფერს რომ ვერ ვაკეთებდი და ყველაფერი მაკლდა. აი, ამიტომ გადავწყვიტე იტალიაში წამოსვლა.

იტალიაში მამაკაცებისთვის სამუშაო ნაკლებად მოიძებნება. კონკრეტულად სად, იტალიის რომელ ქალაქში ცხოვრობთ ამჟამად და რას საქმიანობთ?

ნამდვილად ძალიან ძნელია სამსახურის მოძებნა არა მარტო მამაკაცისთვის, არამედ უკვე ქალისთვისაც. ქართველობა ფეხზე დადგა, როცა აქ ჩამოვედი, ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას, მაგრამ მთელი 5 თვე უმუშევარი ვიყავი. უკვე 2 წელია იტალიაში ვარ, ჩემი დეიდაშვილი დამეხმარა, აქ რომ ჩამოვსულიყავი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მარინა ქააძეს. ახლა იტალიის სამხრეთით, ტარანტოს პროვინცია ქალაქ კასტელანეტაში ვცხოვრობ და ოჯახში დამხმარედ ვმუშაობ, როგორც ემიგრანტების უმეტესობა. ეს ადამიანი ეტლს არის მიჯაჭვული, დამოუკიდებლად წყალსაც კი ვერ სვამს. ისე, ძალიან კარგი ადამიანია.

ალბათ ხშირად გეუბნებიან, შენისთანა ნიჭის პატრონს რა უნდა სხვა ქვეყანაშიო. უცხო ქვეყანაში ყოფნა შემოქმედებითობის მუხტს ხომ არ გიკარგავთ?

კი, ხშირად არის ხოლმე საუბარი, თუ რატომ ვარ იტალიაში, რატომ ვერ შემიწყო საქართველომ ხელი ჩემი ნიჭის გამოვლენაში? იცით, მთლად ასე ერთბაშად ვერ გადავუსვამ ხაზს ყველაფერს. არ შემიძლია უარვყო ის, რაც ჩემმა სამშობლომ, ჩემმა ქართველებმა გააკეთეს ჩემი შემოქმედების შარაგზის გაფართოებისთვის. ყველაფრის მიუხედავად, უკვე 15 წელია ჩემს საქმეს დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვემსახურები. ლექსი ჩემი სევდისა და სიხარულის გამომჟღავნების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ადამიანს თუ ეწერება და ელექსება, ვერაფერს დააკლებს დრო, მანძილი და გარემოება. ემიგრანტობის პერიოდში, ჩემს შემოქმედებაში, რასაკვირველია, შეინიშნება ოდნავ ზედმეტი სევდიანი შტრიხი, მაგრამ, ვფიქრობ, ამაში უცნაური არაფერია ემიგრანტი პოეტისთვის, რომელიც 24 საათს სამშობლოზე ლოცვით ატარებს.

სტამბლში ქართული კულტურის ცენტრში მოღვაწეობდით და თუ არ ვცდები, იქ თქვენი ლექსების კრებულიც გამოიცა თურქულად. იტალიაშიც ხომ არ გეგმავთ კრებულის გამოცემას? იტალიურად, ცხადია…

თურქულად ნათარგმნია ჩემი ლექსები და იბეჭდებოდა თურქულ ჟურნალ-გაზეთებში როგორც თურქულად, ისე ქართულადაც. რაც შეეხება წიგნის თურქულად გამოცემას, ჯერ არ გამოცემულა, თუმცა კეთილი ადამიანების თანადგომით მალე მეწვევა ეს სიხარულიც. ლექსები თარგმნა ბატონმა ეშრეფ ილმაზმა (გოდერძი მახარაძემ). რაც შეეხება იტალიურ ენაზე ჩემი ლექსების კრებულის გამოცემას, რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებში მაქვს, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, უფალს მივენდობი. დაე, იყოს ჩემი ცხოვრება უფლის ნება.

საერთოდ, რამდენი კრებული გაქვთ გამოცემული?

ჯერჯერობით 2 კრებული მაქვს გამოცემული. ჩემი პირველი კრებული გამოიცა ქ. თელავში 2007 წელს, მხატვარი ქალბატონის, ლია ბადურაშვილის დახმარებით და თელაველი ბიზნესმენის, ბატონი ვალერიან ქარჩაიძეს სპონსორობით. კრებულს ჰქვია „თუშეთის კარ მზე აგვიჩინდ“ (ნიშნავს განათებული მომავლის იმედის ქონას). ამავე კრებულის რედაქტორი გახლავთ ძალიან საყვარელი და ტკბილი მოძღვარი, მამა ილია ჩიკვაიძე, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. თავად ძალიან კარგი პოეტი გახლავთ და მეც სულ მლოცავდა. ამბობდა: „არ შეიძლება შენ პოეზია და ლექსი მოატოვო. აუცილებლად უნდა გაჰყვე, რადგან უფლება არ გაქვს, უფლის ნებას შეეწინააღმდეგო“. მადლობა უფალს, დღემდე მოვედით მე და კალამი. უკვე ისეთი ახლობელია ჩემთვის ლექსი, რომ თავადაც ვეღარ მიმატოვებს.

მეორე კრებული 2012 წელს გამოიცა, მაშინ ჯერ კიდევ სტამბოლში ვიყავი. სტუმრად ჩამოვიდა ბატონი დავით მაღრაძე, ახლო მეგობრები ვართ. თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებდით და ჩვენს შემოქმედებაზეც ბევრს ვსაუბრობდით. ერთ საღამოს მთხოვა მისთვის ჩემი ლექსები მიმეტანა. ერთი „ცელოფანის“ პარკი ლექსები მივართვი ბატონ დავითს და ბოდიშიც მოვუხადე, რადგან მე დალაგებულად და სწორად დაწერილი ლექსი – რვეულის სუფთა ფურცლებზე დაწერილს ვგულისხმობ – არასოდეს მაქვს. დამიწერია ხელსახოცზე, სიგარეტის კოლოფზე, ქაღალდის ნაგლეჯზე… – რაც კი წერის სურვილისას მომხვედრია ხელში… მითხრა, რომ მეორე დღეს საქართველოში ბრუნდებოდა და ლექსებს მაშინ დამიბრუნებდა უკან, როდესაც მეც საქართველოში ჩავიდოდი. რამდენიმე თვის შემდეგ დავბრუნდი სამშობლოში. მოვიკითხე ბატონი დავითი და შეხვედრაც დავთქვით. მივედი და სიურპრიზი დამახვედრა: უკვე დაბეჭდილი წიგნი, სახელწოდებით „დე, შენა-დ, თუშეთ“. ეს წიგნი დედაჩემის ხსოვნას და თუშეთს მივუძღვენი. აქამდე არსად მითქვამს ამის შესახებ, ახლა მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საჯაროდ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ დავით მაღრაძეს. ახლო მომავალში გამოიცემა ახალი კრებული და მასაც აუცილებლად გაგაცნობთ.

გულში ჩამწვდომია თქვენი ლექსები… როდის დაიწყეთ წერა, პირველი სტრიქონები ვის ან რას მიუძღვენით?

წერა ძალიან ადრეული ასაკიდან დავიწყე, თუმცა, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი: დავწერდი, წავიკითხავდი, დავხევდი. ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს. ის კი ვიცი, რომ ჩემი ლექსები ეძღვნებოდა უფალს და რელიგიას. მერე, როცა უკვე გავაანალიზე, რომ არ უნდა დამეხია, შენახვა დავიწყე, თუმცა არავის ვუმხელდი და საგულდაგულოდ ვმალავდი. ოჯახურ გარემოშიც კი, ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ ლექსებს ვწერდი. ბევრჯერ უშუქობაში, სანთლის შუქზე დამიწერია და სასწრაფოდ გადამიმალავს. ზოგჯერ ისე, რომ მერე მეც ვეღარ ვპოულობდი.

როდესაც ვწერ, ის რამდენიმე წუთი გათიშული ვარ და არაფერი გამეგება სააქაოსი. დაკვეთით ლექსი არასოდეს დამიწერია და ვერც დავწერ. რასაც ღმერთი დამაწერინებს, ის მიმაქვს მკითხველამდე.

ძირითადად, კუთხურ კილოზე – თუშურად წერთ, რატომ? რა გაკავშირებთ თუშეთთან?

დედა იყო თუში (ისე თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან ვარ) და რატომღაც, რაც თავი მახსოვს, ჩემში თუშური გენი და თუშეთის სიყვარული ჭარბობდა. 14 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა და მას შემდეგ ბებიამ, დედის დედამ (თებრო ბასხაჯაურმა) გამზარდა.

ლექსების წერა თავიდანვე დიალექტზე დავიწყე და დღემდე ასეა. ვწერ ლიტერატურული ენითაც, მაგრამ იქ ისე ვერ ვხედავ გიორგი რამაზაშვილს, როგორც დიალექტურ ლექსში. დედასაც სულ თუშურად ვესაუბრებოდი. ბებოსთან რომ ვცხოვრობდი, უფრო უკეთესად ავმეტყველდი თუშურ დიალექტზე. შესაბამისად, მეტი სიტყვათა მრავალფეროვნებაც შეემატა ჩემს შემოქმედებას. იმდენად მქონდა სისხლში გამჯდარი ყველაფერი თუშური, რომ ერთიანად ვკანკალებდი, როდესაც გარმონის ხმას გავიგებდი. ჩემებს საშუალება არ ჰქონდათ და, აბა, მე გარმონს ვინ მიყიდდა?! არადა, ძალიან მინდოდა გარმონზე დაკვრა შემესწავლა. მაშინ, მოგეხსენებათ, ნიკელის საწოლები იყო. პატარა სკამს დავიდგამდი, დავჯდებოდი, საწოლის საგებელს გადავკეცავდი და საწოლის ბადეზე ვუკრავდი. ბადეს ქვედა მხარეს რკინა რომ გასდევს, იმაზე ვაწკარუნებდი და მელოდია იქ გამომყავდა. ასე ვისწავლე გარმონის დაკვრა.

პირველად თუშური ლექსი ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ გამოიტანა სამზეოზე და ასე გაიცნო საზოგადოებამ ჩვენი დიალექტი. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ეთეროს შემდეგ ვინმემ წეროს თუშურად, იმდენად გენიალური და შეუდარებელია მისი შემოქმედება, მაგრამ რა მოვუხერხო მუზას?! როგორც მეწერება, ისე ვწერ. რა უფლება მაქვს, არ დავწერო?!.. უფლის წყალობით, დღეს ბევრი ახალგაზრდა წერს თუშურად და ვიმედოვნებ, მიიტანენ ხალხამდე თუშურ მარგალიტებს, გააძლიერებენ თუშურ კილოკავს. მე ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ყველას გვერდით დავუდგები, როგორც შემეძლება.

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ბელა მუთოშვილს (ქადაგიძეს), ასევე, ანსამბლის სოლიტებს, დებ ლანა და ლინდა გუნაშაშვილებს. მათ ჩემი უკვე რამდენიმე ლექსი აამღერეს და კიდევ ფართოდ გაშალეს თუშური ლექსისა და სიმღერის მარცვალი ფართო საზოგადოებაში. ასევე მადლობას ვუხდი თუშურ ანსამბლ „კესელოს“. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ამერიკაში მცხოვრებ თუშს, ბატონ კობა ბუქვაიძეს. მან რამდენიმე სიმღერა დაწერა ჩემს ლექსებზე და ერთ-ერთი მათგანი დღეს უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

უცხო ქვეყნებში ცხოვრებამ რა შემოიტანა თქვენს შემოქმედებაში გარდა ნოსტალგიისა და მომავლის იმედისა?

ძალიან ბევრი და კარგი რამ შემოიტანა. შევიძინე უამრავი მეგობარი. არც იტალიაში ჩამოსვლამდე განვიცდიდი კარგი სამეგობროს ნაკლებობას, მაგრამ ადამიანს რამდენადაც ბევრი და კარგი ხალხი ჰყავს გარშემო, იმდენად ძლიერი და მდიდარია. ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი მაია ლომიძეა – „დედა ტერეზა“, რომელიც თქვენი რესპონდენტი იყო. ქალბატონი მაია ქართველების იმედია იტალიაში.
აქ გავიცანი უნიჭიერესი ქალბატონი როზეტა კიტოვანიც, რომელიც გადასარევად მღერის, წერს, ცეკვავს, კერავს სამოსს ქართული ხალხური ცეკვებისთვის, რომლითაც დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენა მშვენდება… მე ვარ მდიდარი არა მატერიალურად, არამედ ჩემი მეგობრებით და ამით ბედნიერი ვარ.

რის იმედი გაქვთ? თქვენი სამომავლო გეგმები და მიზანი რამდენად უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას?

ჩემი ყოველი დღე საქართველოსთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. დიდი გეგმები და ოცნების კოშკები არ მაქვს აგებული – მხოლოდ იმდენი შემაძლებინოს უფალმა, ის მწარედ გასახსენებელი ჟამი აღარასოდეს დამიყენოს, როგორიც აქ ჩამოსვლამდე მქონდა. იმდენი შემაძლებინოს, რომ ლუკმაპური არ გამომელიოს. ყველაფერი კარგის იმედი მაქვს. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, კვლავ სცენას და ჩემს მონატრებულ მკითხველს დავუბრუნდები. იმდენად მძიმე და ვერასატანია მათი მონატრება, რომ ყოველდღე ოცნებებში ვარ, როდის ჩამოვალ და როდის წავიკითხავ ლექსს სცენაზე. გაუსაძლისი ნოსტალგიის დროს, ბევრჯერ ყოფილა, სარკის წინ დავმდგარვარ და წამიკითხავს, ოღონდ სრული სერიოზულობით და დამაჯერებლად, აი ისე, როგორც სცენაზე.

იფიქრებდით ოდესმე, რომ ასეთ გზას გაივლიდით? რა არის თქვენთვის ემიგრანტობა?

არა, ვერასოდეს ვიფიქრებდი. დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არცერთი წუთით არ დაუშვებდა ჩემს ემიგრანტობას და არც მე წავიდოდი არსად. მაგრამ ახლა, როცა ისიც აღარაა სამზეოზე, იძულებული გავხდი და წამოვედი, თუმცა დიდხანს არ ვაპირებ დარჩენას, ჩემი დიდი ტკივილიანი სურვილია დროულად სამშობლოში დაბრუნება.

ჩემთვის ემიგრანტობა, ისევე როგორც ნებისმიერი ემიგრანტისთვის, უზომო ტკივილსა და ნოსტალგიასთან ასოცირდება.

პირადი ცხოვრების შესახებ რას გვეტყვით? ეს ნიჭიერი და სიმპათიური ახალგაზრდა უცოლოდ რატომ დაიარება?

რომ ვთქვა, არ ვარ შეყვარებული-მეთქი, დიდი სიცრუე იქნება, რადგან პოეტი სულ შეყვარებულია. რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, ვფიქრობ დაოჯახებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სიტყვას კი მოგცემთ, რომ როდესაც ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, თქვენ იქნებით პირველი ჟურნალისტი, ვინც ჩემი გაბედნიერების შესახებ შეიტყობს.

გარეგნულად იტალიის ვიცე-პრემიერს მატეო სალვინის გავხართ, ალბათ სხვებიც გეუბნებიან, არა? თავად იტალიელების რეაქცია როგორია?

სხვათა შორის, როდესაც მატეო სალვინი პოლიტიკაში გამოჩნდა და იტალიის ხელისუფლებაში მოვიდა, მაშინვე აღნიშნეს ჩემმა ნაცნობ-მეგობრებმა, რომ ვიზუალურად მას ძალიან ვგავარ (იცინის)…

ყოფილა შემთხვევა, თავად იტალიელებს უკითხავთ, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ მაქვს სალვინისთან. ღმერთი, რჯული, მხოლოდ ტელევიზიით მყავს ნანახი. ნეტავ, ვიცნობდე, ვთხოვდი, ამდენი ემიგრანტი ქართველისთვის ის ნანატრი კანონი გამოუშვას, რაც საშუალებას მოგვცემს, სტუმრად მაინც მოვახერხოთ ჩვენს სამშობლოში თუნდაც წელიწადში ერთხელ წასვლა.

თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებთ?

ყოველი დღე ერთნაირია. დილით რვის ნახევარზე ვიწყებ სამუშაოს და ვამთავრებ ღამის 11-ზე. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს და ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო. აქ რომ ჩამოვედი, თან წამოვიღე ჩემი გარმონი, რომელიც ძალიან მეხმარება ემიგრანტული ყოფის სიძნელეების იოლად გადალახვაში. თავისუფალ დროს გარმონს ვუზიარებ ჩემს დარდს და ერთად გადავიყრით ხოლმე ჯავრს. ხან ვწერ, ხან ვუკრავ და მთელ თუშეთს „მოვივლი“ ხოლმე ერთი მელოდიით. ძირითადად, ვმღერი. საქმის კეთების დროსაც სულ ვმღერი და ეს ყველაფერი სულ ჩემს ეზო-კარში, სულ ჩემს მთებში „მამოგზაურებს“. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს თავს მოვუნახე გასაღები სიმძიმის დაძლევისა და ამ აუტანელ სიმძიმეს გარმონი მაძლევინებს.

გული რაზე გწყდებათ, რა გაღელვებთ ყველაზე მეტად?

ძალიან ბევრი მაქვს გულდასაწყვეტი. გული მწყდება, ამდენ გამწარებულ ემიგრანტს რომ ვუყურებ, ქალებს განსაკუთრებით. მათ დატოვეს საქართველოში ოჯახები, ანგელოზი შვილები და ჩამოვიდნენ უცხო ქვეყანაში ლუკმაპურის საშოვნელად. ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ. კაცი ვარ, ამიტანია და ჩემი ოჯახის საკეთილდღეოდ კიდევაც ბევრს ავიტან; გული მწყდება, რომ ჩვენ ვართ დაკარგული თაობა და საკუთარ სამშობლოში უყვედრებელი სუნთქვის საშუალებაც კი არა გვაქვს, ცხოვრებაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ცოლ-შვილი რომ არ მყავს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მარტო მეუღლე ხომ არაა ოჯახი?! მყავს დები, მათი შვილები, უამრავი მეგობარი, ძალიან თბილი ნათესავები, რომლებიც, ერთმანეთის განურჩევლად, უზომოდ მიყვარს. მაქვს სასაფლაოები, მაქვს ჩემი მამაპაპისეული ხატ-სალოცავები მთაშიც და ბარშიც. განა გულდასაწყვეტი არ არის, რომ ამ ყველაფერს ვერ ვხედავ?! ყველაზე მეტად მიცვალებულის მოსახსენიებელ დღეებს განვიცდი, რომ ვერ მივდივარ მათ საფლავებზე და სანთელს ვერ ვანთებ… მაგრამ ყოველი დღე იმედიანი და მზიანი მითენდება ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ჩემი სამშობლოს ნახვის იმედით.

ასეთი ემიგრანტული გამოცდილების ქართველი პოეტი რას ეტყოდემიგრანტ ქართველებს?

ჩემო თანამემამულენო, ჩემო ქართველებო, მინდა გამძლეობა მხნეობა და უფლის გულწრფელი სიყვარული გისურვოთ! დღეს ჩვენ „ემიგრანტები“ გვქვია, მაგრამ მჯერა, დადგება დრო და – აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში, ლაღები და ბედნიერები. იყავით იმედით და რწმენა არ დაკარგოთ. უფალი ჩვენთან არის და ყოველთვის გვმფარველობს. ჩემი შემოქმედება თქვენ გეძღვნებათ დიდი სიყვარულით და გაძლევთ სიტყვას, სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე, მარად თქვენი და საქართველოს ერთგული ვიქნები.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close