მატეო სალვინი: „თუ ეჭვმიტანილს სასამართლო ტერორიზმის ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს, იტალიის მოქალაქეობას ჩამოვართმევთ“

წარმოშობით სენეგალელი იტალიის მოქალაქე უსეინუ სუ, რომელმაც გუშინ მილანის გარეუბანში სასკოლო ავტობუსი დაწვა, ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე პოლიციამ დააკავა სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის და მართვის მოწმობის მოქმედება შეუჩერა, – ამის თაობაზე ADNKRONOS-ი წერს სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით.

მძღოლმა თავის კომპანია Autoguidovie-ში, სადაც მუშაობდა, ამის შესახებ არ განაცხადა და დამალა. იმ ფაქტმა, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მძღოლად ძალადაკარგული მართვის მოწმობით საზოგადოებაში გაურკვევლობა და პროტესტი გამოიწვია.

იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ დღეს თავის Twitter-ზე დაწერა, რომ თუ ეჭვმიტანილს ტერორიზმში დასდებენ ბრალს და სასამართლო ამისთვის გაასამართლებს, „უსაფრთხოების დეკრეტის წყალობით“ მას იტალიის მოქალაქეობას ჩამოართმევენ.

სენეგალელმა ემიგრანტმა უსეინუ სუმ იტალიის მოქალაქეობა 2004 წელს მიიღო. მან სასკოლო ავტობუსი, რომელშიც 51 მოსწავლე იმყოფებოდა, გუშინ, 20 მარტს გაიტაცა, ავტობუსიდან გადმოსხა ბავშვები, შემდეგ კი ბენზინი გადაასხა სალონს, ცეცხლი წაუკიდა და დაწვა. საბედნიეროდ, ინციდენტის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რასაც პროკურორიც დაეთანხმა.  47 წლის სენეგალელს ბრალად ედება ადამიანების გატაცება და ანგარიშსწორება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ტერორისტული აქტი. მილანის პროკურორი ამას არ ეთანხმება, მისი აზრით, ბრალდებული „მარტოხელა მგელია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ისლამურ სახელმწიფოსთან“.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: milano.corriere.it

კომენტარები