საზოგადოებახელოვნებაკულტურასაქართველო

ლევან მოსიაშვილის და ლორან ბისმუტის საგაზაფხულო გამოფენა – „რენესანსი“ თბილისში

თბილისში 15 მარტს საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის – ლევან მოსიაშვილის გამოფენა გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. ლევანი თითქმის ყოველ გაზაფხულზე უწყობს ფერების დღესასწაულს თავისი შემოქმედების ქართველ თაყვანისმცემლებს, ამჯერად კი კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა – გამოფენაზე, სახელწოდებით „რენესანსი“ საქართველოს დედაქალაქი ცნობილი პარიზელი მხატვრის, ლორან ბისმუტის შემოქმედებასაც ეზიარა. გამოფენა 18 მარტამდე გასტანს.

ლორან ბისმუტისთვის ეს მეორე ვიზიტია საქართველოში:

„პირველად 2018 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი, როგორც ტურისტი, მეგობრის რჩევით, რომელიც საფრანგეთის საელჩოში მუშაობს – დიდი ხანია, მეუბნებოდა, ჩამოდი, ჩამოდი… და არც მინანია, – მიყვება ლორანი. – გამოფენის მოწყობაზე მაშინ არ მიფიქრია. დავათვალიერე ეს მშვენიერი ქვეყანა, ვიყავი კახეთში, ბორჯომში… ფეხით მოვიარე თბილისის მდიდარი და არც ისე მდიდარი უბნები… მეგობართან შემთხვევით გავიცანი ლევანი [მოსიაშვილი –  რედ.], აღმოვაჩინეთ, რომ ერთნაირი შეხედულებები გვქონდა მხატვრობაზე და ერთმანეთის მიმართ თავიდანვე სიმპათით განვიმსჭვალეთ. მაშინ დაგვებადა იდეა, რომ ერთობლივი გამოფენა მოგვეწყო საქართველოში 2019 წლის მარტში. და გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ორიგინალური ტილოები შევქმენით სპეციალურად ამ გამოფენისთვის – აქ წარმოდგენილი ჩემი ნახატები ჯერ არსად გამოფენილა, არც პარიზში და არც სხვა ქალაქში… და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ აქ, ახლა, ამ საღამოს“.

მხატვრის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილ მის ნამუშევრებზე ზეგავლენა მოახდინა იმ შთაბეჭდილებებმა, ემოციებმა, რომლებიც საქართველოში ყოფნისას მიიღო.

თამუნა წიკლაურის ფოტო

ლორან ბისმუტისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოფენაა – მისი შემოქმედება აქამდე საფრანგეთის გარდა სხვა ქვეყანაში არ გამოფენილა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს პირველად საქართველოში მოხდა.

ლევან მოსიაშვილი ფერწერის მოყვარულებს კიდევ ერთ სიურპრიზს ჰპირდება – 6 აპრილს სიღნაღის მუზეუმში გაიხსნება მხატვრის მთელი შემოქმედების გამოფენა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფრანგულ-ქართული კულტურის ასოციაციის „La Géorgie au centre“ ეგიდით იმართება. კახეთის უმშვენიერესი ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს 3 თვის განმავლობაში ფერების საოცარი დღესასწაული ელოდებათ.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close