ინტერნეტი და პირადი სივრცე – როდის არღვევთ ადამიანის უფლებებს და რა გემუქრებათ ასეთ შემთხვევაში?

არც ისე დიდი ხნის წინ იტალიაში შვილმა მშობლებს უჩივლა და მოითხოვა მისი პირადი ფოტოები ფეისბუქიდან აეღოთ. სარჩელი დაკმაყოფილდა და მშობლებს მოეთხოვათ მათი შვილის პირადი სურათები წაეშალათ.

მსგავსი კანონმდებლობა არსებობს ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, ფრანგული და ავსტრიული კანონმდებლობა კიდევ უფრო მკაცრია და ისეთ შემთხვევებში, როცა ხდება ადამიანის ფოტო ან ვიდეომასალის გაზიარება მის დაუკითხავად, მათ გამავრცელებელს არა მხოლოდ ფულად ჯარიმას აკისრებს, არამედ რიგ შემთხვევებში იგი შესაძლოა ციხეშიც კი აღმოჩნდეს.

ადამიანის უფლებები მის პირად მონაცემებზე არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ქართულ საზოგადოებასაც ყველაზე ნაკლებად ეტყობა ინფორმირებულობა. არადა, ბევრი ჩვენგანი უკვე წლებია იყენებს ინტერნეტს, რომელიც ასეთი უფლებების შელახვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს.

ბერძნული კანონმდებლობა ისეთი მკაცრი არ არის, როგორიც სხვა ევროპული ქვეყნებისა, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი სამართლებრივი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. საბერძნეთის კონსტიტუციის და კანონმდებლობის თანახმად, ადამიანის პირადი სივრცე არის დაცული და მისი დამრღვევი ისჯება სხვადასხვა ფორმით – ფულადი კომპენსაციით, საჯაროდ ბოდიშის მოხდით და ა. შ. პირადი ცხოვრების შელახვა შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი ასეთი ფორმაა ადამიანის დაუკითხავად მისი ფოტო, ვიდეო თუ აუდიომასალის მოპოვება, შენახვა ან გავრცელება. დარღვევად მიიჩნევა, ასევე, როდესაც ასეთი მასალა იმ მიზნებისთვის გამოიყენება, რისთვისაც ადამიანს თანხმობა არ მიუცია.

როდესაც ადამიანის დაუკითხავად ხდება მისი სურათის, ვიდეო თუ აუდიომასალის გადაღება-მოპოვება, ამ დროს ირღვევა მისი ფუნდამენტური უფლება. თვითონ ფაქტი, რომ სხვის დაუკითხავად ხდება ადამიანის სურათის თუ ვიდეოს გადაღება ან ხმის ჩაწერა, საკმარისია, რომ კანონდარღვევად ჩაითვალოს, საჭირო არ არის ჩაწერილი მასალა იყოს დამატებით სხვა უფლებების შემლახავი, მაგ., ადამიანის პატივის, ღირსების ან რეპუტაციის შემლახავი ან დამამცირებელი შინაარსის. ანუ თქვენ შეიძლება გადაიღოთ ვიდეო, რომელიც არა თუ არ შეურაცხყოფს ადამიანს, არამედ ასეთი მასალის ჩაწერა-გავრცელებამ მას შეიძლება გარკვეული პოპულარობაც კი მოუტანოს. და მაინც, თუ ეს მისი თანხმობის გარეშე ხდება, თქვენ ამ დროს არღვევთ კანონს და შესაძლებელია დაგეკისროთ ძალიან დიდი  კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. თუ არაკანონიერად მოპოვებული მასალა, იმავდროულად, არის ღირსების ან სხვა უფლებების შემლახველი, რა თქმა უნდა, ეს კანონდამრღვევის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ზოგადად, ადამიანისთვის ფოტოს ან ვიდეოს გადაღება თუ მასზე აუდიომასალის მოპოვება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული. ასეთი გამონაკლისია, მაგალითად, როცა იგი თავად გაძლევთ თანხმობას, ან უღებთ საჯარო სივრცეში და, მით უმეტეს, საჯარო ღონისძიებაზე ძალიან ცნობილ პირებს (პოლიტიკოსს, მსახიობს, მომღერალს და ა. შ.), ან ისეთ პირებს, რომლებზეც მოცემული დროის მონაკვეთში საზოგადო ინტერესი ძალიან დიდია – მაგ., გახმაურებულ მკვლელობაში მსჯავრდებულს, რომელიც ახლახან გამოვიდა ციხიდან.

როდესაც არასრულწლოვანების და განსაკუთრებით ჩვილი ბავშვების პირად მასალას ვავრცელებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ინტერნეტი არ არის პირადი სივრცე, ინტერნეტი არის საჯარო სივრცე. რამდენი „ბლოკიც” არ უნდა დავადოთ „არაკეთილმოსურნეებს”, პრივატულობა ინტერნეტში მაინც შეზღუდულია და, რაც ყველაზე მთავარია, არაკეთილმოსურნეების სია ინტერნეტში ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერ მშობელს წარმოუდგენია. ბავშვების პირადი ფოტო და აუდიომასალის საჯაროდ არგაზიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

კომენტარები