ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

თინა ბედიაშვილი ამერიკაში საკუთარი ფესვების მონატრებას ქართული სიმღერებით „მკურნალობს“

ცხოვრებამ ოცნება აუსრულა თინა ბედიაშვილს: უცხოეთში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და უკვე წლებია აშშ-ში, აიოვას შტატში საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობს. რამდენად შეძლებს იგი საქართველოში დაბრუნებას და თავისი ცოდნისა და გამოცდილების მშობლიურ ქვეყანაში გამოყენებას, ძნელი სათქმელია, თუმცა თინა თანამემამულეებზე შორეული ამერიკიდანაც ზრუნავს. მისი ემიგრანტული ცხოვრების დეტალებს, იმას, თუ რით „მკურნალობს“ თინა საკუთარი ფესვების მონატრებას და ბევრ სხვა საინტერესო ამბავს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

თინა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ ხართ, საიდან მოდიხართ, საით მიდიხართ…

მე ვარ თინიკო ბედიაშვილი, დავიბადე ზესტაფონში, განათლებულ და საკმაოდ ცნობილ ოჯახში. სახელი ბებიის, მამის დედის, თინა ცქვიტინიძის პატივსაცემად დამარქვეს. დედა, ნანული მუმლაძე გაზეთ „ფერომდნობელის“ რედაქტორი იყო, 1995 წელს კი ზესტაფონის ტელევიზია „არგო“ დააარსა, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან მალე გარდაიცვალა. მამა, ემზარ ბედიაშვილი ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, მერე მოსკოვში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. მყავს ორი ძმა. შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, ვსწავლობდი ზესტაფონის მე-3 სკოლაში. თანაკლასელებს ახლაც ვეკონტაქტები. მე-10 კლასში ვიყავი, მშობლებმა რუსეთში რომ წაგვიყვანეს, ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში და სკოლა იქ დავამთავრე.

რუსეთში ცხოვრების პერიოდში ჩემმა მშობლებმა ქართული საზოგადოება, მოგვიანებით კი ქართული სათვისტომო ჩამოაყალიბეს. წლების განმავლობაში მთელი ოჯახი ქართული ენის და კულტურის პოპულარიზაციით ვიყავით დაკავებული: გვქონდა ქართული საკვირაო სკოლა, ქართული ცეკვის ანსამბლი, რომელსაც ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნის მერია აფინანსებდა; დედიკო ასწავლიდა ქართულ ენას და კულტურას, მე – ქართულ მუსიკასა და სიმღერებს. ყოველთვის ვმონაწილეობდით კულტურულ კონცერტებსა და გამოფენებში. ასევე, ჩვენი ოჯახი აქტიურად იყო ჩაბმული საჭადრაკო კლუბის მოღვაწეობაში და მრავალი წლის განმავლობაში ვიყავით ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნის ჩემპიონები მოჭადრაკე ოჯახების გუნდებს შორის.

სკოლის შემდეგ 2-წლიანი სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე. საავადმყოფოში ვმუშაობდი. როცა სკოლაში ილიას, აკაკის და სხვა გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების შესახებ გავდიოდით მასალას, ვოცნებობდი, რომ მეც მესწავლა საზღვარგარეთ, როგორც ისინი სწავლობდნენ და მერე ჩემს სამშობლოს დავბრუნებოდი, ამიტომ როგორც კი გავიგე, რომ შტატების მაჰარიშის უნივერსიტეტის ფილიალს ხსნიდნენ, ძალიან გამიხარდა და 1992 წელს უნივერსიტეტის სტუდენტი დავხდი. 1993 წლის ზაფხულში, უნივერსიტეტის 25 სტუდენტთან ერთად მონაწილეობა მივიღე ვაშინგტონში გამართულ დანაშაულის და სოციალური სტრესის შემცირებასთან დაკავშირებულ ასამბლეაში, სადაც 64 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სურათიც გადავიღეთ თეთრი სახლის წინ.

1995 წელს, სამი კურსის დამთავრების შემდეგ, კონკურსში გავიმარჯვე და სრული, 2-წლიანი დაფინანსება მოვიპოვე სწავლის გასაგრძელებლად აიოვას შტატის პატარა ქალაქ ფერფილდში, კერძო საერთაშორისო მენეჯმენტის უნივერსიტეტში. მაგისტრატურაში სწავლის ბოლო წელიწად-ნახევრის გადასახადი ბანკიდან აღებული სესხით დავფარე, ასევე გრანტებით, რომელსაც საუკეთესო სტუდენტებს აძლევდნენ უნივერსიტეტის დონორების კერძო ფონდიდან.

ამჟამად სად ხართ, რომელ ქალაქში ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?

ამჟამად ისევ ფერფილდში ვცხოვრობ. თითქმის 15 წელია ვმუშაობ საინვესტიციო კომპანიაში, სადაც ჩემი კარიერა შედგა – საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი ვარ.

რა ფონდზეა საუბარი?

ფონდი ემსახურება კერძო აკრედიტებულ ინვესტორებს. მთავარი მიმართულება არის ფიუჩერსების ინვესტიცია, რომელიც წარმოადგენს საფინანსო ბაზრების ერთ-ერთ პოპულარულ ინსტრუმენტს. ფონდი ექვემდებარება როგორც სახელმწიფო, ისე ფიუჩერსების ასოციაციის ძალიან მკაცრ კანონებს, ამიტომ ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, რადგან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ინვესტორების წინაშე და სხვადასხვა სახის აუდიტი ჩვენთვის ნორმალური მოვლენაა. ასევე, ჩემს მოვალეობაში შედის ფიუჩერსების ვაჭრობის ყოველთვიური აუდიტი, ბროკერებთან და ინვესტორებთან კომუნიკაცია, წლიური და კვარტალური შიდა აუდიტი და სახელმწიფო ანგარიშების ჩაბარება. რა ვიცი, კიდევ ბევრი რამ…

უცხო ქვეყანაში კარგი სამსახურის მოძებნა დიდი გამართლებაა. ფაქტია, თქვენ ეს შეძელით, მაგრამ მაინც: კარიერულ წინსვლაში ხელს არ გიშლით ის ფაქტი, რომ უცხოელი ხართ?

უცხო ქვეყანაში ადვილი ნამდვილად არაა თავის დამკვიდრება, განსაკუთრებით სანამ მწვანე ბარათი არ გაქვს, ძნელია სამსახურის დაწყება პროფესიის შესაბამისად. მე ამერიკული დიპლომი და კარგი რეკომენდაციები ყოველთვის მეხმარებოდა და მეხმარება.

თქვენი საქმიანობის პარალელურად კიდევ ერთ კარგ საქმეს აკეთებთ – ჯგუფში „ჩვენ ამერიკაში“ თანამემამულეებს საინტერესო ინფორმაციებს აწვდით, ყოველდღიურად უზიარებთ ერთმანეთს ფიქრებს, პრობლემებს, სიხარულსა და ტკივილს...

დიახ, უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ ერთ-ერთი მოდერატორი ვარ. ეს ჯგუფი გიორგი ნიკოლაიშვილმა შექმნა და დიდ დროს უთმობს მის განვითარებას. პირადად გიორგი და ჯგუფის ხელმძღვანელობა უამრავ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას აწვდიან ემიგრანტებს.

ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ემიგრანტებისთვის? რის გარკვევას ითხოვენ ყველაზე ხშირად?

უმრავლესობამ არ იცის ენა, სჭირდებათ დახმარება საცხოვრებელი ადგილის მოსაძიებლად, სამსახურის საშოვნელად, ინფორმაცია სამედიცინო დაზღვევის და მართვის მოწმობის ტესტების შესახებ, სხვადასხვა სახის საიმიგრაციო რჩევები. ჩვენი ჯგუფის მიზანი და მთავარი მიმართულება სწორედ ემიგრანტების დახმარებაა.

ჯგუფი, აგრეთვე, ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს საქართველოში. ბევრჯერ აგვიკრეფია თანხა და ავადმყოფის სამკურნალოდ გაგვიგზავნია ოჯახისთვის. ასევე, ჯგუფში ქვეყნდება დიდი რაოდენობის შემეცნებითი სტატიები, მხარს ვუჭერთ ახალგაზრდა და ცნობილ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნიჭიერ ადამიანებს საქართველოდან.

ძალიან მიხარია, რომ ამ ჯგუფის მეშვეობით შესაძლებლობა მაქვს, ცოტა მაინც დავეხმარო ჩემს საყვარელ ქართველებს რჩევებით, ვუპასუხო მათ კითხვებს, რომლებსაც ხშირად გვწერენ.

ამ ჯგუფში შევიძინე ბევრი შესანიშნავი მეგობარი, რომლებთანაც მიუხედავად ფიზიკური სიშორისა, სოციალური ქსელის მეშვეობით ვახერხებ ხშირ კონტაქტს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი ახალი პატარა ოჯახი – ჯგუფის ადმინისტრატორები და მოდერატორები – გიორგი ნიკოლაიშვილი, კატო მურღულია, ოთარ ნიჟარაძე, ეკა ყაველაშვილი და მაკა კივილაძე. მიხარია, რომ ჩემი ახალი მეგობრების უმრავლესობა პირადად გავიცანი გასულ წელს ნიუ-იორკში.

თავად რა ბარიერების გადალახვა მოგიხდათ, უპირველეს ყოვლისა, როცა უცხოეთში აღმოჩნდით?

დიდი განსხვავებაა კულტურაში, რომელსაც დღესაც ვერ ვეგუები. ძალიან მაკლდა ნამდვილი გემრიელი ბოსტნეული და, საერთოდ, გემრიელი საჭმელი პირველი წლების განმავლობაში, სანამ სტუდენტი ვიყავი. მე ვცხოვრობ ქვეყნის შუაგულში, აიოვას შტატში, ჩემს ახლოს ქართველები თითქმის არ არიან. უახლოესი ქართველები 100 კილომეტრით არიან დაშორებულები ჩემგან. არაა არც ქართული რესტორნები და არც მაღაზიები. ასე რომ, მე თვითონ ვაკეთებ სახლში ყველაფერს ქართულს.

საერთოდ, წლებმა და გამოცდილებამ რაში დაგარწმუნათ, რა გასწავლათ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებამ?

წლების გამოცდილებამ მასწავლა ის, რომ ცოდნას დიდი ფასი აქვს და ცოდნა სხვადასხვა სფეროში არასოდეს ზედმეტი არაა. მახსოვს, როცა სტუდენტი ვიყავი, ხშირად გამოვდიოდი სცენაზე ჩემი გიტარით. ერთი ასეთი გამოსვლის შემდეგ ამერიკელების ოჯახი დამიკავშირდა და მათ შვილებს კერძო მუსიკის გაკვეთილებს ვუტარებდი 2 წლის განმავლობაში, რაშიც საკმაოდ კარგ გასამრჯელოს მიხდიდნენ.

იმისათვის, რომ მიზანი რეალობად აქციო, რისი გაკეთებაა საჭირო?

უნდა იფიქრო მარტო იმის შესახებ, თუ როგორ მოაღწიო ამ მიზანს. ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. პოზიტიური დამოკიდებულება ყველას მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ახალ გარემოში ადაპტაცია და გეგმების სწრაფად კორექტირება უნდა შეგეძლოს ან ისწავლო. არ უნდა გაამახვილო ყურადღება ხელის შემშლელ პირობებზე. შეუძლებელი არაფერია – მე ყოველთვის ასე ვფიქრობ.

მიუხედავად წარმატებული კარიერისა, რა არის თქვენთვის ემიგრანტობა და როგორ ხედავთ მომავალს, ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?

ძალიან ძნელი კითხვაა და პასუხი ჯერ არ მაქვს. რა ვიცი… რომ შემეძლოს ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება საქართველოში, ალბათ უარს არ ვიტყოდი დაბრუნებაზე.

აიოვას შტატის მცხოვრებლებმა რა იციან საქართველოზე?

ადგილობრივებმა თითქმის არაფერი იციან საქართველოს შესახებ. ყოველთვის მჭირდება ახსნა, რასაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

მგონი, თქვენი მეუღლეც ემიგრანტია…

დიახ, ჩემი მეუღლე კარლ ვაგენერი ევროპული წარმოშობის სამხრეთ აფრიკელი ემიგრანტია, ძალიან განათლებული და საინტერესო პიროვნება; გვყავს 15 წლის ქალიშვილი ნატალია.

თქვენი მეუღლე და ქალიშვილი თუ ყოფილან საქართველოში? ნატალიამ ქართული იცის?

სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვახერხებთ ჩამოსვლას, მაგრამ ვგეგმავთ და აუცილებლად ჩამოვალთ. ნატალიამ ცოტა ქართული იცის და ცოტას მღერის კიდეც ქართულად. ასევე ცდილობს, რომ ქართულად წერა ისწავლოს..

თქვენ და თავისუფალი დრო…

ძალიან მიყვარს ლათინური და საბალო ცეკვები, წლების განმავლობაში გამოვდიოდი სცენაზე ფრედ ასტერის სტუდიაში, ამჟამად არგენტინულ ტანგოს ვუთმობ დროს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი ჩემთან ერთად ცეკვავს არგენტინულ ტანგოს 12 წლის ასაკიდან.

ასევე ვპასუხობ ემიგრანტების კითხვებს, ვთარგმნი საინტერესო ინფორმაციას ჯგუფისთვის და ვაგრძელებ მამიკოს წიგნის („თანამედროვე ჟურნალისტიკის დემოკრატიული არსი“) თარგმნას. წიგნში ბევრი რამ დედას ეძღვნება.

როცა დრო მრჩება, ხანდახან ვიხსენებ ძველ სიმღერებს. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მაქვს. არადა, ძალიან მიყვარს სიმღერების შექმნა…

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში?

ჩემი ოჯახი, მამა, ჩემი ძმები, ჩემი ფესვები და წარმომავლობა, ჩემი მეგობრები.

მამა და ძმები სად ცხოვრობენ? ხომ არ დაუბრუნდა მამა საქართველოს?

მამა საქართველოშია, ჩვენს სახლში ცხოვრობს. ჩემი ძმები ხშირად ჩამოდიან რუსეთიდან, ამუშავებენ ჩვენს ვენახს და ადგილებს. ალბათ ჩვენი ოჯახი დიდი გამონაკლისია ემიგრანტულ ოჯახებს შორის – წლების განმავლობაში ვამუშავებთ მამაპაპურ ადგილებს და არაფერი მიგვიტოვებია.

ახლობლების, მეგობრების, თქვენი ფესვების მონატრებას რით „მკურნალობთ“?

ძალიან ხშირად ვესაუბრები მამას, დიდ ენერგიას და სიბრძნეს ვიღებ მისგან. საოცარი ადამიანია, დაუღალავი, სათნო, უაღრესად განათლებული. სულ მინდა ვუსმინო.

ჩვენი ჯგუფის ადმინ-მოდერატორებს და მეგობრებს ვეკონტაქტები ყოველდღიურად. ამერიკის ემიგრანტები და ასევე ქართველები სხვადასხვა ქვეყნიდან მწერენ ხშირად, დახმარებას მთხოვენ და რჩევას მეკითხებიან. ძალიან მსიამოვნებს, როცა სულ მცირედით მაინც ვეხმარები. როგორც გითხარით, სულ ცოტა თავისუფალი დრო თუ მაქვს, სიმღერებს ვიხსენებ ან ახალ ქართულ სიმღერებს ვუსმენ. ეს ყველაფერი მეხმარება ფესვების მონატრების „მკურნალობაში“.

დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: დიდი სურვილი მაქვს, რომ…

დიდი სურვილი მაქვს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს საქართველოში და ხალხს აღარ დასჭირდეს ემიგრანტად ყოფნა უცხო ქვეყანაში. … იძულებით ემიგრანტად ქცეული დედები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში ჩამოიტანოს ხალხმა – ისე, როგორც ვოცნებობდი ბავშვობაში. მერწმუნეთ, ემიგრანტობა არაა არც ადვილი და არც დიდი ბედნიერება.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close