ფლორენცია: უფიციში მოსახვედრად რიგში დგომის მაქსიმალური დრო 7 წუთამდე მცირდება!
უფიციში მოხვედრა გაუთავებელ რიგში დგომის გარეშე ძალიან მალე იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე მუზეუმის დირექტორმა ეიკე შმიდტმა გუშინ, 15 მარტს განაცხადა რომში ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული კვირეულის პირველ შეხვედრაზე: უფიცის „რიგების საწინააღმდეგო“ სისტემა თითქმის მზადაა და მისი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო იტალიის, არამედ მთელი მსოფლიოს მუზეუმებში. ეიკე შმიდტის თქმით, ეს ნამდვილი რევოლუცია იქნება.
პროგრამისტების სამწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილმა სისტემამ, რომლის ღირებულებაც 200 ათასი ევროა, უკვე პირველივე გამოცდისას აჩვენა თავისი ეფექტიანობა – მან რიგში დგომის საშუალო დრო 64 წუთიდან (2 სექტემბერი, კვირა დღე, უფასო შესვლა) 18 წუთამდე (7 ოქტომბერი, კვირა დღე, უფასო შესვლა) შეამცირა. მისი წყალობით მეტმა ადამიანმა შეძლო როგორ უფიციში (დამთვალიერებელთა რაოდენობა 6961-იდან 7785-მდე გაიზარდა), ისე პალაცო პიტიში (დამთვალიერებელთა რაოდენობა 6685-იდან 10805-მდე გაიზარდა) მოხვედრა.
შემდეგში კი მონაცემები კიდევ უფრო გაუმჯობესდა: „უფასო სამუზეუმო კვირის ფარგლებში“ (5-10 მარტი, 2019) გალერეაში შესასვლელად მოცდის საშუალო დრო 7 წუთამდე შემცირდა.
„ჩვენი მიზანია 0 წუთი ლოდინი“, – აცხადებს შმიდტი. მისი თქმით, სისტემა უკვე მზადაა ასამუშავებლად და ფასიანი შესვლის დღეებშიც გამოიყენებენ. „მხოლოდ მომსახურების პროვაიდერებთან კონტრაქტის ხელმოწერაღა დარჩა და ყველაფერი ამუშავდება“. სისტემით ძალიან კმაყოფილები არიან მუზეუმის თანამშრომლებიც, რომლებიც დამთვალიერებელთა გაუთავებელი პრეტენზიების მოსმენით დაიღალნენ.
კომენტარები