იტალიის ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის თქმით, საფრანგეთთან განიხილავს ლუვრში გამოფენილი ცნობილი ტილოს – ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ იტალიაში დაბრუნებას, – ამის თაობაზე LE FIGARO წერს. სალვინიმ მხოლოდ შემდეგ განმარტა, რომ იხუმრა.
„ვაცხადებ, რომ ვმუშაობთ საფრანგეთის ელჩთან, რათა „მონა ლიზა“ იტალიაში დავაბრუნოთ“, – თქვა მატეო სალვინიმ ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. ეს განცხადება იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა არალეგალური იმიგრაციის საკითხზე ორ ქვეყანას შორის არსებული დაპირისპირების და ურთიერთობების გაუარესების ფონზე გააკეთა და შემდეგ დასძინა: „ხუმრობის გარეშე კი, აღარ გვჭირდება მეტი საერთაშორისო კრიზისი“.
ცნობილია, რომ სალვინი აპირებს ფლორენციელი გენიოსის გარდაცვალების დღემდე, 2 მაისამდე მოინახულოს ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ მილანის Santa Maria delle Grazie-ში.
„რაც შეეხება მონა ლიზას, ის ჯერჯერობით პარიზში რჩება და მე ცოტა მეტი დრო დამჭირდება“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის შედევრმა – „მონა ლიზამ“ იტალიაში მხოლოდ 10 წელი დაყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მხატვარმა ის საფრანგეთში თან წაიღო და ამ 500 წლის განმავლობაში ლეონარდოს ნახატმა საფრანგეთი მხოლოდ ერთხელ დატოვა ცოტა ხნით: 1911 წელს „მონა ლიზა“ ლუვრის იტალიელმა თანამშრომელმა გაიტაცა, ტილო რამდენიმე წლის შემდეგ იტალიაში იპოვეს და ლუვრში დააბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ გენიალური იტალიელი მხატვარი და გამომგონებელი ლეონარდო და ვინჩი მედიჩების მმართველობის დროს, 1452 წელს დაიბადა ფლორენციის რესპუბლიკაში, თუმცა გარდაიცვალა საფრანგეთში 1519 წლის 2 მაისს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები