იტალიის რეკორდსმენი – მრავალშვილიანმა დედამ მე-11 შვილი გააჩინა

კლაუდია გუფანტი, რომელმაც ახლახან პატარა გოგონა – ჯუდიტა მოუვლინა ქვეყნიერებას, 38 წლის ასაკში მეთერთმეტედ გახდა დედა – პიანაროზების ოჯახი, რომელიც CENTRO VALLE INTELVI-ში (კომო) ცხოვრობს, იტალიის რეკორდსმენია.
კლაუდია 17 წლის ასაკში გათხოვდა და პირველი შვილი 22 წლისას შეეძინა. მომდევნო 16 წლის განმავლობაში მან კიდევ 10-ჯერ იმშობიარა და ყოველთვის სიხარულით ელოდა ახალი სიცოცხლის დაბადებას.
ჯუდიტას გარდა კლაუდიას და მის მეუღლეს, დიეგოს, რომელიც 41 წლისაა, 7 ვაჟიშვილი და 3 ქალიშვილი ჰყავთ. ისინი აბსოლუტურად „ამოვარდნილები“ არიან იტალიური რეალობიდან იმის გათვალისწინებით, რომ იტალიაში შობადობის დონე ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალია და კვლავაც იკლებს. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს, ISTAT-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი იტალიაში ერთ ქალზე 1,34 ბავშვამდე შემცირდა და რეპროდუქციული ასაკის დაახლოებით 5,5 მილიონ ანუ ყოველ მესამე ქალს საერთოდ არ ჰყავს შვილი.
კლაუდია არ მუშაობს, ხოლო დიეგო ორგტექნიკის გაყიდვის კონსულტანტია – სწორედ ის არჩენს მთელ ოჯახს. რა თქმა უნდა, ამხელა ოჯახის შენახვა ადვილი არ არის, მაგრამ კლაუდია ამბობს: „ჩვენ ვიღებთ სიცოცხლეს, როგორც საჩუქარს. რთული მომენტები გვაქვს, მაგრამ ერთად ვახერხებთ გადალახვას“.
ახალშობილი ჯუდიტა 3,1 კგ-ს იწონის და ვინ იცის, მომავალ წელს იქნებ მას უმცროსი ძმა ან და გაუჩნდეს.
კომენტარები