იტალიაკრიმინალი

მოლდოველი ქალის სასტიკი მკვლელობისთვის იტალიელი მამაკაცის სასჯელი სასამართლომ გაანახევრა

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ მიქელე კასტალდომ მოლდოვის მოქალაქე ოლგა მატეი „ემოციური შტორმის“ (“TEMPESTA EMOTIVA“) ქვეშ მყოფმა მოკლა – მან ქალი საკუთარი ხელით დაახრჩო 2016 წლის 5 ოქტომბერს რიჩონეში (რიმინი). პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისჯილი 30 წლის ნაცვლად, ბოლონიის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კასტალდო მხოლოდ 16-წლიან სასჯელს მოიხდის.

57 წლის იტალიელ მამაკაცს და 46 წლის მოლდოვის მოქალაქე ქალს სულ რაღაც ერთთვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. ოლგა ყოველდღე ეცნობოდა თავისი პარტნიორის მძიმე ხასიათს და მისი ეჭვიანობა აშინებდა, ამიტომ სთხოვა, რომ დაშორებულიყვნენ: „ჭკუაზე შევიშალე, რადგან მას ჩემთან ყოფნა აღარ უნდოდა… ვუთხარი, რომ ჩემი უნდა ყოფილიყო და სხვისი არავისი, შემდეგ კი დავახრჩე“, – განაცხადა კასტალდომ სასამართლოზე.

ფსიქიატრის დასკვნით, მიქელე კასტალდომ დანაშაული ეჭვიანობით გამოწვეული „ემოციური შტორმის“ ქვეშ მყოფმა ჩაიდინა.

მკვლელობისთვის სასჯელი შეიძლება შემცირდეს, თუ მკვლელი ეჭვიანობით გამოწვეული „ემოციური შტორმის“ მსხვერპლია – ამ „თეზის“ საფუძველზე ბოლონიის სააპელაციო სასამართლომ კასტალდოს თითქმის ორჯერ შეუმცირა სასჯელი მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სხდომის წინ ბოლონიის პროკურორმა პაოლო ჯოვანიოლიმ მოსამართლეებს სთხოვა, ძალაში დაეტოვებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულისთვის რიმინის პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორმა უვადო პატიმრობა მოითხოვა.

ადვოკატის აპელაციაში, რომელიც აუცილებლად წარმოშობს ბევრ წინააღმდეგობრივ აზრს, განმარტებულია, რომ მკვლელი ეჭვიანობით შეპყრობილი მოქმედებდა, რომელიც „დამანგრეველი გრძნობაა, შეუძლია თვითგანსაზღვრის უნარი დააკარგვინოს ადამიანს და უფრო მეტად გააღრმაოს მისი არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა, უიღბლო ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე“.

კასტალდომ ქალის მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა – წავიდა სახლში, ნარკოტიკი გაურია  სასმელში და დალია, მანამდე კი წერილი მისწერა მკითხავს, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა. ადვოკატმა ეს გათამაშებული თვითმკვლელობის მცდელობის სცენაც გამოიყენა მკვლელის არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობისა და „ემოციური შტორმის“ დასამტკიცებლად და გაიმარჯვა კიდეც – მისი დაცვის ქვეშ მყოფი უსასტიკესი დანაშაულისთვის მხოლოდ 16 წელს მოიხდის.

წყარო: https://internapoli.it/strangolo-la-fidanzata-a-mani-nude-pena-dimezzata-per-il-killer-era-in-preda-ad-una-tempesta-emotiva/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close