ხელოვნებაკულტურა

საფრანგეთში, ვინსენტ ვან გოგის ფონდში ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების გამოფენა საფრანგეთში, ქალაქ არლში, ვინსენტ ვან გოგის ფონდში 2 მარტს ოფიციალურად გაიხსნა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი. ფიროსმანის ნამუშევრების დათვალიერება ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში 2 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, რომელთა შორისაა: „არსენალის მთა“, „ჟირაფი“, „რთველი“ და სხვ. ფიროსმანის გვერდით ვინსენტ ვან გოგის რამდენიმე ნამუშევარია წარმოდგენილი, რომლებიც მხატვარმა 1884-1889 წლებში შეიქმნა, მათ შორის, ისეთი შედევრები, როგორიცაა: „არლელი ქალბატონი“, „ხის მჭრელი“, „ფეხსაცმელები“, „მთესავი ჩამავალი მზის ფონზე“.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცულ ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნს „ფიროსმანაშვილი 1914“, რომელშიც შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, Infinitart Foundation Vienna-ს და არლში ვინსენტ ვანგოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება. თანამედროვე ხელოვნების სივრცე ნიკო ფიროსმანიშვილის შემოქმედებით შთაგონებულ თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც ეთმობა. აქ წარმოდგენილია ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა – Table Of Pirosmani, აგრეთვე, სხვა ქართველი თუ უცხოელი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები.

არლიმდე ფიროსმანს ვენის ალბერტინას მუზეუმმა უმასპინძლა – გამოფენა “NIKO PIROSMANI – A Wanderer Between Worlds” („ნიკო ფიროსმანი – სამყაროთა შორის მოხეტიალე“) 3 თვეს გაგრძელდა და ის 400 ათასამდე ვიზიტორმა იხილა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close