საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს
„მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი, შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, ჩვენმა ფერმერებმა თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა. გასული წელი გამორჩეული იყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და შესაბამისად, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეს პროგრამა ფერმერებთან შეხვედრებზე ყველაზე ხშირად განიხილებოდა და გამოიკვეთა, რომ ტექნიკის შესაძენად თანადაფინანსება მათთვის მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა.
პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4 მილიონი ლარია, სააგენტოს მიერ ერთი მოსარგებლის თანადაფინანსების მოცულობა იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაქსიმუმ 150 000 ლარი – ანუ შესაძენი ტექნიკის ღირებულება 300 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს და ის ექსპლუატაციაში არ უნდა იყოს ნამყოფი, აგრეთვე გამოშვებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე.
პროგრამის მოსარგებლე (ბენეფიციარი) შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი) რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
„მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50% გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 000 ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები, რომელთაც სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რეგისტრირებულნი იყვნენ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროგრამა განხორციელდება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
კომენტარები