მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო – რუსეთი 10 მილიონი ევროს კომპენსაციას გადაიხდის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა 2006 წელს გამოძევებულ საქართველოს 1500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ამ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 16-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი (17-იდან) – წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელი მოსამართლე, დიმიტრი დედოვი იყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის დარღვევის შესაბამისად დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მეხუთე მუხლის დარღვევისთვის თითოეულ მოქალაქეს 10 000-იდან 15 000-მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მესამე მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს.

საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. საქართველომ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2007 წლის მარტში შეიტანა. საქართველოს სახელმწიფო რუსეთს 2006-2007 წლებში ეთნიკური ქართველების მასობრივ დეპორტაციაში სდებდა ბრალს, რის შედეგადაც სამი ქართველი გარდაიცვალა. სულ რუსეთიდან 5 ათასამდე ქართველი გამოაძევეს.

საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ პირველი საჯარო მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში 2009 წლის აპრილში გაიმართა; იმავე წლის ივნისში სასამართლომ საქართველოს სარჩელის განხილვა დასაშვებად ცნო, დეკემბერში კი საქმე განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას გადასცა…

და 9 წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ, 2019 წლის 31 იანვარს დავა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, უნდა შექმნას ეფექტიანი მექანიზმი აღნიშნული თანხის დაზარალებულთათვის გასანაწილებლად, სასამართლოს მითითებების შესაბამისად, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფოს 18 თვე აქვს ვადა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close