საბერძნეთის პარლამენტმა მაკედონიის საკითხზე შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

ბერძენმა დეპუტატებმა პარასკევს, 25 იანვარს მხარი დაუჭირეს შეთანხმებას ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან მისი სახელწოდების „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით“ შეცვლის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება სკოპიეს გზას უხსნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ.

შეთანხმების სასარგებლოდ ხმა მისცა 153-მა დეპუტატმა – პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა; წინააღმდეგი წავიდა 146 დეპუტატი, ერთმა კი თავი შეიკავა. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი – თითქმის 40-საათიანი დებატები საბერძნეთის პარლამენტში. ახლა შეთანხმება საბერძნეთის პრეზიდენტმა პროკოფის პავლოპულოსმა უნდა დაამტკიცოს, რასაც დიდი ალბათობით გააკეთებს კიდეც.

ციპრასმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ შემცდარა, ვინც ის ხელისუფლებაში მოიყვანა. მომავალი არჩევნები საბერძნეთის პარლამენტში შემოდგომაზე (ოქტომბერში) გაიმართება და წარმოუდგენელია, რომ ბერძნებმა მას დღევანდელი ამბავი აპატიონ (გამოკითხვებით ციპრასს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 25%).

რაც შეეხება სკოპიეს, იქ პარლამენტმა პრესპის შეთანხმების რატიფიცირება 2 კვირით ადრე – 11 იანვარს მოახდინა და შესაბამის ცვლილებებს კონსტიტუციაში მხარი დაუჭირა დეპუტატთა 2/3-მა ნაწილმა (81-მა 120-იდან).

პრესპის შეთანხმება  

2018 წლის ივნისში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და მისმა მაკედონელმა კოლეგამ ზორან ზაევმა ხელი მოაწერეს ე. წ. პრესპის შეთანხმებას (პრესპა – ტბა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ალბანეთის, საბერძნეთისა და მაკედონიის რესპუბლიკის საზღვარზე) ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელის „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკით“ შეცვლის თაობაზე. რამდენიმე თვის შემდეგ მაკედონიაში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვას: „მხარს უჭერთ თუ არა ევროკავშირსა და ნატოში შესვლას, მაკედონიასა და საბერძნეთს შორის დადებულ ხელშეკრულებასთან ერთად?“

რეფერენდუმი შეუმდგარად ჩაითვალა, რადგან მასში 1,8 მილიონი ამომრჩევლიდან მხოლოდ 37% მონაწილეობდა (სხვათა შორის, 91%-მა მხარი დაუჭირა შეთანხმებას).

ათენსა და სკოპიეს  შორის კონფლიქტი მაკედონიის სახელწოდების გამო 1991 წლიდან დაიწყო, როდესაც ყოფილი იუგოსლავიის ამ პატარა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კონფლიქტის მიზეზია საბერძნეთის შემადგენლობაში მაკედონიის ოლქის არსებობა. ათენი შიშობს, რომ მეზობელი ქვეყნის სახელწოდებაში „მაკედონიის“ არსებობის შემთხვევაში სკოპიემ შესაძლოა ბერძნულ ოლქზე ტერიტორიული პრეტენზიები განაცხადოს. ამის გამო 1993 წლიდან დღემდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მაკედონიის ოფიციალური სახელწოდება იყო „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“, ხოლო ათენი ბლოკავდა მის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში.

გასულ კვირას  ათენში 100 ათასზე მეტი ბერძენი საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და  საბერძნეთის პარლამენტს მიუწოდა არ მოეხდინა შეთანხმების რატიფიცირება; მანამდე კი მაკედონიის საკითხზე უთანხმოების გამო თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი გადადგა, თუმცა ციპრასმა მიზანს მიაღწია და პარლამენტში თავისი გაიტანა.

ზორან ზაევი და ჯორჯ სოროსი დავოსში

დღეს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში ჯორჯ სოროსმა კულუარებში ზორან ზაევს პრესპის შეთანხმების რატიფიცირება მიულოცა. ამის თაობაზე თავად ზორან ზაევმა დაწერა ტვიტერში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები