კალაბრიის მცხოვრებლებმა მიგრანტები სიკვდილისგან იხსნეს, პოლიციამ კი მათი გადამყვანები დააპატიმრა

51 გადარჩენილი ქურთი მიგრანტი წმინდა ანას სახელობის დევნილთა მიღების ცენტრში იდენტიფიკაციის პროცედურას გადის
კალაბრიის ათეულობით მცხოვრებმა 51 ქურთი მიგრანტის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა, რომელთა ნავი ლამის ჩაიძირა ნაპირის სიახლოვეს. ამ ფაქტზე საინფორმაციო სააგენტო ANSA წერს.

ამავდროულად, სამართალდამცავმა ორგანოებმა დააპატიმრეს არალეგალური მიგრანტების ორი სავარაუდო გადამყვანი – ეს საქმიანობა იტალიური კანონმდებლობით დანაშაულად კვალიფიცირდება. ორივე დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.

როგორც გამოცემა ვარაუდობს, 51-ვე გადარჩენილი მიგრანტი კალაბრიაში დარჩება (ისინი პირველები არიან, ვინც 2019 წელს იტალიის ნაპირებამდე მიღწევა შეძლო) – სახელმწიფოს საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლიდან გამომდინარე, მიგრატების მიღების ცენტრებში ბევრი თავისუფალი ადგილია.

2018 წლის ივნისიდან, როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ახალმა მთავრობამ, თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესაბამისად, დაიწყო იტალიაში მიგრანტების ნაკადების შეზღუდვა, კერძოდ, თავის პორტებში შესვლა აუკრძალა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხომალდებს, რომლებსაც ასეთი მიგრანტები გადაჰყავთ. 2018 წლის მონაცემებით, იტალიაში არალეგალური მიგრანტების ნაკადი 80%-ით შემცირდა.

ჩამოსულთა დიდი უმეტესობა ომს გამოქცეული დევნილები კი არ არიან (მათ ქვეყანაში არანაირი ომი არ მიმდინარეობს), არამედ ეკონომიკურ მიგრანტებს წარმოადგენენ, – აღნიშნავენ იტალიის ხელისუფლებაში და მიაჩნიათ, რომ ასეთ მიგრანტებს „თავიანთ სახლში“ უნდა დავეხმაროთ და არა ევროპაში; არ უნდა წახალისდეს ევროკავშირში მიგრანტების ჩამოყვანის ბიზნესი; მიგრანტები არ უნდა ხდებოდნენ იძულებულნი შავ ბაზარზე იმუშაონ და უღირს პირობებში იცხოვრონ. თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები თვლიან, რომ ევროპამ მიგრანტები უნდა მიიღოს, მათ ისინი საკუთარ ტერიტორიაზე მიიღონ.

2018 წლის შემოდგომაზე იტალიამ უსაფრთხოების და მიგრაციის დეკრეტი მიიღო, რომლის თანახმადაც მიგრანტებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სახსრები შემცირდა და ქვეყნიდან მათი დეპორტაცია გამარტივდა.

2 დღის წინ იტალიის შს მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს არანაირ ნებართვას იტალიაში ახალი მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში, მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე.

რამდენიმე დღის წინ მალტამ თანხმობა განაცხადა 49 მიგრანტის მიღებაზე, რომლებიც გემებმა – Sea Watch-მა და Sea Eye-მ ჩამოიყვანა, მალტიდან კი მიგრანტები ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში გადანაწილდებიან. ზოგიერთი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ამ წინადადებაზე დათანხმდა, რადგან სულ რამდენიმე ადამიანზეა საუბარი, თუმცა მატეო სალვინის აზრით, საქმე არა რაოდენობაში, არამედ პრინციპშია. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ახალი არალეგალების მიღება კი არა, აპირებს დააჩქაროს იმ არალეგალი მიგრანტების გასახლების პროცესიც, რომლებიც უკვე იმყოფებიან ქვეყანაში.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები