იტალიაში ხბორებს პალტოებს აცმევენ, რომ სიცივისგან დაიცვან

ტემპერატურის უეცარი მკვეთრი დაცემა, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე ჩრდილოევროპული ციკლონის გავრცელებას მოჰყვა, უარყოფითად მოქმედებს არა მარტო ხილსა და ბოსტნეულზე, რომელიც ღია ცის ქვეშ მოჰყავთ ფერმერებს, აგრეთვე, რისკის ქვეშ აყენებს საქონელს იმ მეცხოველეობის ფერმებში, რომლებიც ძლიერი ყინვებისთვის მზად არ არიან. მათ გადასარჩენად ფერმერები იძულებულნი ხდებიან ცხოველებს თბილი სამოსი ჩააცვან და ნაგებობები ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებებით გაათბონ.

ამ ინფორმაციას სოფლის მეურნების სფეროში დასაქმებულ მეწარმეთა თავისუფალი ასოციაცია Coldiretti ავრცელებს – ასოციაციის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, აგრეთვე, მოყვანილია შარშან ექსტრემალური კლიმატური მოვლენებით გამოწვეული ზარალის მაჩვენებელი: 2018 წელს იტალიის სოფლის მეურნეობამ ნახევარ მილიარდ ევროზე მეტით იზარალა ექსტრემალური კლიმატური მოვლენების გამო.

„ფერმერები ხბორებს პალტოებს აცმევენ და ნაგებობების გამათბობელ საშუალებებს  რთავენ; მათ, აგრეთვე, უწევთ წყლის გათბობაც ბაგაში; უფრო მეტიც, – აზუსტებს „კოლდირეტი“, – საქონელს გაძლიერებული რეჟიმით კვებავენ, რათა მათთვის ენერგიის  და კალორიების მისაღებად დამატებითი რაციონი უზრუნველყონ“.

იტალიას არქტიკული სიცივე გასულ კვირაში დაატყდა თავს – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ძლიერმა ქარმა და თოვლმა, ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ ექსტრემალური სიტუაცია შექმნა სოფლის მეურნეობისათვის.

კომენტარები