საზოგადოებაჯანმრთელობასაქართველო

საქართველოში გრიპისგან გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვმა 10-ს მიაღწია

გრიპისგან გამოწვეული გართულებების გამო გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – დღეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, წმინდა ლაზარეს სახელობის კლინიკაში კი 41 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ორივე შემთხვევა ე. წ. ღორის გრიპმა (H1N1 ვირუსი) გამოიწვია.

ექიმების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცმა საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გრიპის ვირუსის ფონზე დამძიმდა. იგი 29 დეკემბრიდან ჯერ რუსთავის კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტს აღენიშნებოდა ორივე ფილტვის ანთება და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება 41 წლის ქალს, გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტმა სამკურნალო დაწესებულებას დაგვიანებით მიაკითხა და ორკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ქალის ჭარბი წონის გამო თირკმლის უკმარისობა ჩამოყალიბდა, ასევე, დაფიქსირდა პირველი ხარისხის გულის უკმარისობა.

„პაციენტი დაახლოებით 10 დღით ადრე მკურნალობდა სხვა კლინიკაში, სადაც მან მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. ბინაზე მკურნალობა არ გაუგრძელებია და როდესაც ჩვენს კლინიკაში შემოვიდა, იყო უკვე საკმაოდ მძიმე ფორმის პნევმონია. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, იყო თუ არა H1N1. ლაბორატორიული კვლევებით, რაც ჩვენთან არის ჩატარებული, ეს დიაგნოზი არ არის დადასტურებული. ქრონიკული დაავადებებიდან ჩვენთან დიაგნოსტირებულ იქნა გულის უკმარისობის პირველი ხარისხი და ჰქონდა უნივერსალური სიმსუქნე, იყო ჭარბწონიანი“, – განაცხადა წმინდა ლაზარეს კლინიკის მენეჯერმა ნანა კვანტალიანმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის H1N1-ით გამოწვეული შემთხვევებიც. მისივე თქმით, გასული კვირის მონაცემებით, გრიპით დაავადების მაჩვენებელი 21 ერთეულით შემცირდა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების გადადებას, ამ დღეებშიც დააკვირდებიან დინამიკას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

წყარო: https://1tv.ge/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close