მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

რამდენი მიგრანტია მსოფლიოში და რა დოკუმენტი მიიღო გაერომ პრობლემასთან საბრძოლველად

2018 წლის 20 დეკემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საბოლოოდ დაამტკიცეს უსაფრთხო, თანმიმდევრული და ლეგალური მიგრაციის შესახებ გლობალური პაქტი, რომელიც გაერომ 10-11 დეკემბერს მაროკოში გამართულ სპეციალურ კონფერენციაზე მიიღო. მიღებამდე დოკუმენტს წინააღმდეგობა შეხვდა. მისი სამუშაო ვერსია ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში გამოქვეყნდა და ქვეყნების ნაწილმა მის ხელმოწერაზე უარი თქვა, ესენია: ავსტრალია, აშშ, ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ისრაელი.
რას წარმოადგენს ეს შეთანხმება და რა მიზანს ემსახურება?

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 257,7 მილიონი მიგრანტია ანუ პლანეტის დაახლოებით 3,4%. მათგან 68,5 მილიონი – იძულებით დევნილია. შეთანხმების ავტორთა არგუმენტი ის არის, რომ პრობლემა ძალიან დიდი გახდა და ჯობია იმ ქვეყნების ძალისხმევით გადაწყდეს, საიდანაც მიგრანტები მოდიან და რომელი ქვეყნებიც ყველაზე ხშირად იღებენ მათ.

გაეროს შეთანხმება „ლტოლვილების და მიგრანტების შესახებ ნიუ-იორკის დეკლარაციის“ გაგრძელებაა, რომელიც 2016 წლის სექტემბერში გაეროს 193-ვე ქვეყანამ (მათ შორის,  საქართველომაც) ერთხმად მოიწონა. დეკლარაციის ერთ-ერთი მთავარი მომხრე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო, რომელმაც მაშინდელ მიგრაციულ კრიზისს ევროპაში „ადამიანობის ტესტი“ უწოდა.

მხარეებმა პირობა დადეს, რომ 2018 წელს მიგრაციული პოლიტიკის კოორდინაციის შესახებ სრულყოფილ მრავალმხრივ შეთახმებას მოაწერდნენ ხელს. დოკუმენტის მთავარი მიზანია მიმღები ქვეყნების ტვირთის შემცირება, ლტოლვილებთან დაკავშირებული  პასუხისმგებლობის განაწილება სახელმწიფოებს შორის და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის პირობების შექმნა. ნიუ-იორკის დეკლარაციაში ჩამოთვლილია ვალდებულებები, რომლებიც ხელმომწერმა ქვეყნებმა თავის თავზე აიღეს, გლობალურ შეთანხმებაში კი მათი რეალიზების უფრო კონკრეტული მექნიზმებია გაწერილი, თუმცა სავალდებულო იურიდიული ძალა არც ამ შეთანხმებას აქვს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

რა უნდა გააკეთონ ხელმომწერმა ქვეყნებმა

მიგრაციის პაქტის ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ყველაზე ახალ, ზუსტ და დეტალიზებულ მონაცემებს ლტოლვილების შესახებ და ასეთი სტატისტიკის შეგროვებისათვის ადგილებზე სპეციალურ სამეცნიერო ცენტრებს შექმნიან. ისინი შეთანხმდნენ, აგრეთვე, რომ შეებრძოლებიან გარემოებებს, რომლებიც ადამიანებს მშობლური ადგილების დატოვებას აიძულებს: სიღარიბეს, ომებს, სტიქიურ უბედურებებს.

გარდა ამისა, სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ ერთად შეებრძოლებიან არალეგალური მიგრანტების ტრანსპორტირების ბიზნესს და განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობას, ასევე გააიოლებენ ლეგალური მიგრაციის პირობებს. ადამიანების დროებითი მოთავსების ცენტრებში გაგზავნა მხოლოდ უკიდურეს ზომად უნდა იქცეს. ყველა მიგრანტს, მისი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, დაჰპირდნენ საბაზო სოციალურ მხარდაჭერას, დისკრიმინაციისაგან დაცვას და პირობების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

რით არიან უკმაყოფილოები ქვეყნები, რომლებმაც პაქტს ხელი არ მოაწერეს?

ყველას, ვინც შეთანხმებას აკრიტიკებს, მიაჩნია, რომ გლობალური პაქტი მათ ნაციონალურ სუვერენიტეტს ემუქრება და მას საერთაშორისო ინსტანციებზე დამოკიდებულს ხდის. გარდა ამისა, მათი აზრით, დოკუმენტი, ფაქტობრივად, ათანაბრებს კანონიერ და უკანონო მიგრანტებს. მაგალითად, ორივესთვის ხელმისაწვდომია „საბაზო მომსახურება“, რომელშიც შედის ჯანდაცვა და განათლება ახალგაზრდებისათვის. „მიგრაციული სტატუსისაგან დამოუკიდებლად“ ნებისმიერ მიგრანტს, რომელიც „მოწყვლად მდგომარეობაშია“ ანუ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის მსხვერპლია, მხარდაჭერას აღუთქვამენ.

ავსტრიის მთავრობის აზრით, შეთანხმება მიგრაციას ადამიანის ერთ-ერთ საბაზო უფლებად აქცევს, რაც არასწორია; უნგრეთის ხელისუფლება დოკუმენტის ავტორებს იმისთვის აკრიტიკებს, რომ ისინი არალეგალურ მიგრაციას აღიქვამენ, როგორც შეუქცევად და მთლიანობაში დადებით პროცესს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. უკმაყოფილებას გამოთქვამს ჩეხეთიც, რადგან შეთანხმებაში არ წერია ის, რომ არალეგალური მიგრაცია პრინციპულად არასასურველია. ზოგიერთი ექსპერტი პაქტს „გულუბრყვილობისთვის“ და იმის არაღიარებისათვის აკრიტიკებს, რომ მიგრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს არა მხოლოდ განვითარებას და ურთიერთსასარგებლო კულტურულ გაცვლას, არამედ კრიმინალის და სოციალური დაძაბულობის ზრდასაც.

კრიტიკოსების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ პირიქით, შეთანხმებაში ლტოლვილებისთვის არასაკმარისი გარანტიებია. ბევრ ექსპერტს არ სჯერა, რომ ადამიანები საკუთარი ნებით მასობრივად დატოვებენ მშობლიურ ადგილებს ისეთი სერიოზული მიზეზების გარეშე, როგორიცაა სამოქალაქო ომი ან შიმშილი. მაგრამ ისინი შიშობენ, რომ სწორედ შეთანხმება მისცემს სტიმულს იმიგრაციას, რადგან როგორც კი პოტენციური მიგრანტები მისი არსებობის შესახებ შეიტყობენ, დაიჯერებენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში მათ მართლაც ელიან. მათი აზრით, მიგრანტებისთვის დაპირებულმა მრავალმა შეღავათმა სუსტად განვითარებადი ქვეყნების ძალიან ღარიბ მოქალაქეებს შეიძლება შეუქმნას ილუზია, რომ დასავლეთში გაქცევა უფრო სარფიანია, ვიდრე სამშობლოში დარჩენა იმ შემთხვევაშიც, თუ საკუთარ სახლში პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებათ. მაგრამ შეთანხმებაში მხოლოდ სურვილებია მოცემული, ხოლო დაპირებები ძალიან ბუნდოვანია. შედეგად, პაქტმა შეიძლება ვერ გადაჭრას არსებული პრობლემები და შექმნას ახალი.

კრიტიკოსებს საეჭვოდ მიაჩნიათ დოკუმენტის ავტორების მიერ შემოთავაზებული ლტოლვილების საკუთარ ქვეყნებში დახმარების იდეა. ამ სახელმწიფოების დიდ უმრავლესობაში ხელისუფლებები კორუმპირებულია, ხოლო ინსტიტუტები არ მუშაობს და არ არსებობს არანაირი ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი დახმარება რეალურად სასარგებლოა. მსოფლიოს ლტოლვილების ორი მესამედი ისეთი ქვეყნებიდანაა, როგორიცაა: სირია, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, მიანმარი, სომალი.

დაბოლოს, დოკუმენტში გაცხადებული სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების პრინციპმა პრაქტიკაში შეიძლება „ტვინების უარესი გადინება“ გამოიწვიოს, ასევე, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი რეგიონები საბოლოოდ ჩარჩნენ დღევანდელ მდგომარეობაში.

როგორია თბილისის პოზიცია და რამდენი ლტოლვილია საქართველოში?

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მიგრაციის პრობლემების მოგვარების ინიციატივას საწყის ეტაპზევე შეუერთდა. თბილისმა გაეროს დანარჩენ 193 ქვეყანასთან ერთად 2016 წლის სექტემბერში ხელი მოაწერა ნიუ-იორკის დეკლარაციას ლტოლვილების და მიგრანტების შესახებ. შესაბამისად, საქართველო შეუერთდა მაროკოს კონფერენციის დოკუმენტსაც, ეგრეთ წოდებულ მიგრაციის პაქტს, რომელიც ნიუ-იორკის დეკლარაციის გაგრძელებაა და შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

რაც შეეხება საქართველოში ლტოლვილების რაოდენობას, 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ საქსტატის უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით განაახლა ანგარიში, რომელშიც ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადები გააანალიზა. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველოში წლებთან ერთად იმიგრანტების რაოდენობის კლების ტენდენციაა.

ყოფილი დევნილთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო, 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი სულ 1477 ადამიანს აქვს მინიჭებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 0,04%-ა.

თუ შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს, მაშინ რა ქმნის პრობლემა?

თითოეული მთავრობისთვის, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ეს საკუთარი პოლიტიკისადმი ერთგულების (ზოგჯერ მრავალწლიანის) და პრინციპის საკითხია. მაგალითად, არალეგალებს, რომლებიც ცდილობენ ავსტრალიაში მოხვედრას, როგორც წესი, პაპუა-ახალ გვინეაში „გადასატვირთავ“ ბაზებში გზავნიან. იქ მათი ცხოვრების პირობები, რაც ზოგჯერ წლობით გრძელდება, ძალიან მძიმეა. გაეროს 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთ ბაზებში მცხოვრებთა შორის ხშირია სუიციდის შემთხვევები, ადამიანები ხშირად იზიანებენ თავს, ეწყებათ დეპრესია. გლობალური პაქტი მოითხოვს, რომ ლტოლვილები დროებით თავშესაფრებში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გაგზავნონ.

დონალდ ტრამპი თავის პოლიტიკას დასაწყისიდანვე არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე აგებდა. აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად იმეორებს იმას, რომ ეს საკითხები თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს. ამასთან, იგივე ნიუ-იორკის დეკლარაცია, რომელმაც გლობალური პაქტის შემუშავებას დაუდო სათავე, დიდწილად ობამას იდეა იყო, ახლანდელი ადმინისტრაცია კი ობამას ინიციატივებს თანმიმდევრულად უარყოფს (ამის მაგალითია ე. წ. ობამაქეაც).

აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უნგრეთს, მიგრანტების ყველაზე დიდი ტალღა, ისევე როგორც გერმანიას, 2015-2016 წლების კრიზისის დროს მიაწყდა. ისინი თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებიან ლტოლვილებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის განაწილების ევროპულ ინიციატივებს და მიაჩნიათ, რომ თუ ლტოლვილები ყველაზე მდიდარი ქვეყნებისკენ მიისწრაფვიან, მაშინ სწორედ ამ ქვეყნებმა უნდა იზრუნონ მათზე. ავსტრიის დღევანდელი ხელისუფლებისთვის სწორედ მიგრანტებთან დაკავშირებულ პოზიციაზეა დამოკიდებული საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნება: მმართველი სახალხო პარტიის პარტნიორია ანტიმიგრაციული „თავისუფლების პარტია“.

დაბოლოს, ისრაელი მთელი ძალით იცავს თავისი სახელმწიფოს ეროვნულ ხასიათს და სხვა ეროვნების ლტოლვილების ჩასვლას ისრაელში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ომების და სამოქალაქო კონფლიქტების მსხვერპლნი არიან, არ მიესალმებიან. ზემოჩამოთვლილი ქვეყნების პოლიტიკოსებიდან არავის აძლევს ხელს ფარისევლობასა და ამომრჩევლების მოტყუებაში დადანაშაულება.

ბოლოს და ბოლოს მნიშვნელოვანია თუ არა შეთანხმება?

იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მიგრაციის პაქტს ხელი არ მოაწერეს, დიდწილად არის დამოკიდებული, გახდება თუ არა შესაძლებელი ლტოლვილებთან დაკავშირებით შეთანხმებული მსოფლიო პოლიტიკის შემუშავება. ის, რომ ამ პაქტის ხელმოწერაზე აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ თქვა უარი, იმაზე მიანიშნებს, რომ შესასრულებლად რაიმე უფრო სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა ევროკავშირის დონეზე ძალიან გართულდება.

იმიგრაცია ერთ-ერთი საკვანძო პრობლემაა და არა იმდენად იმის გამო, რომ მას მსოფლიო პროცესებზე რეალური გავლენა აქვს, არამედ იმ პერსპექტივის გამო, რომ ქვეყნები საერთაშორისო კოორდინაციას და რთული საკითხების კოლექტიურად გადაწყვეტას ვერ ახერხებენ. როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეთანხმება არ გამოდის: ქვეყნებს შორის, რომელთა ნაწილი მზადაა ახალი მიგრანტები მასობრივად მიიღოს, ხოლო სხვები ამაში თავისთვის დიდ საფრთხეს ხედავენ, განხეთქილება არსებობს.

სტატიის ორიგინალური ვერსია: https://imedinews.ge/ge/theme/305/ramdeni-migrantia-msoplioshi-da-ra-dokumenti-miigo-gaerom-problemastan-sabrdzolvelad?fbclid=IwAR1Rpk3DcaFNqIXHVQ5hICcjdL8PIckbzQ5ztM-jCyD8mggoXPrYjmFA91E

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close