იტალიის პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის განხილვის წინ დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლის გამო სხდომა ჩაიშალა

Emanuele Fiano (Pd) si avvicina ai banchi della presidenza e viene trattenuto da assistenti parlamentari nell'Aula della Camera prima che inizi l'esame della Manovra, 28 dicembre 2018. ANSA/GIUSEPPE LAMI
იტალიის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატებმა ქვეყნის 2019 წლის ბიუჯეტის ფინალური განხილვის წინ სხდომათა დარბაზში ჩხუბი გამართეს, – ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო ANSA დღეს, 28 დეკემბერს იუწყება.

ოპოზიციონერებს არ მოსწონთ ის, რომ ბიუჯეტის დამტკიცება ზედ ახალი წლის წინა დღეებში ხდება, თანაც განმეორებითი განხილვების გარეშე. სხდომის დაწყების წინ მმართველი პარტიების დეპუტატების გამოცხადების დაბალი მაჩვენებლის გამო ოპოზიციონერები დარბაზში უმრავლესობაში აღმოჩნდნენ და მოითხოვდნენ ჩაეტარებინათ კენჭისყრა ბიუჯეტის განხილვის შეჩერების საკითხზე (რასაც მიაღწევდნენ კიდეც, რადგან უმრავლესობაში იყვნენ), თუმცა პარლამენტის სპიკერმა მათ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ეს საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებდნენ იმას, რომ წინა დღეს კომისიამ ბიუჯეტის, ფინანსებისა და დაგეგმვის სადეპუტატო კომისიამ ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი „350 შესწორების განხილვის და კენჭისყრის გარეშე“ მიიღო. საბოლოო ჯამში სხდომა ჩაიშალა.

რაც შეეხება პარლამენტის ზედა პალატას (სენატს), სენატორებმა ბიუჯეტის პროექტი გასული შაბათიდან კვირა ღამეს დაამტკიცეს. ამისთვის ჯუზეპე კონტეს მთავრობას კვლავ მოუწია ნდობის ვოტუმის პროცედურისთვის მიემართა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღესვე, 28 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა ახალი წლის წინა დღეებში მართლაც არ არის ნორმალური მოვლენა, მაგრამ ამაში, მისი თქმით, ხელისუფლებას ბრალი არ აქვს: დაგვიანება ბიუჯეტის პროექტის ევროკავშირთან შეთანხმების პროცესის მეტისმეტად გაწელვამ გამოიწვია.

დემოკრატიული პარტიის ეროვნული მდივნის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა მაურიციო მარტინამ რომში, მონტეჩიტორიოს სასახლის წინ (სადაც დეპუტატთა პალატის სხდომები იმართება) მასობრივი საპროტესტო მიტინგის ჩატარებისკენ მოუწოდა მხარდამჭერებს. „დემოკრატებმა“ დღესვე დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავრობის მიერ დაშვებულ სერიოზულ შეცდომებთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის უფლებამოსილებების უგულებელყოფაში გამოიხატება.

როგორც ცნობილია, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიაში დეფიციტი 2,4% იყო, თუმცა ევროკავშირმა ეს პროექტი არ მიიღო და იტალიის ხელისუფლებას, სანქციებით მუქარის ქვეშ, მაინც მოუწია უკან დახევა – მან საბოლოო ჯამში ბიუჯეტის დეფიციტი 2.04%-მდე შეამცირა.

დღევანდელ განხილვაზე იტალიის პარლამენტში ბოლო წუთს მოვიდა მთავრობისგან ნდობის გამოცხადების მოთხოვნა ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებასთან ერთად – მოგეხსენებათ, ამ ხერხს მაშინ მიმართავენ, როდესაც სურთ, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს არსებითი ხასიათის განხილვებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხვალ გაგრძელდება, ხოლო საბოლოო დამტკიცებისთვის დეპუტატები კვირას, 30 დეკემბერს შეიკრიბებიან.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები