ქართული კულტურის ზეიმი ევროპაში – 2022 წელს კულტურის ფესტივალი EUROPALIA საქართველოს მიეძღვნება
ბრიუსელში 2022 წელს კულტურის ფესტივალი EUROPALIA საქართველოს მიეძღვნება, ეს იქნება ქართული კულტურის ზეიმი ევროპაში – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალი საბანაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების „გაყინული თემაც“ დღის წესრიგში დაბრუნდა…
„გვაქვს ერთი სასიხარულო ახალი ამბავი. ყოველ 2 წელიწადში ბრიუსელში იმართება ევროპული მასშტაბის ფესტივალი. ძირითადი ადგილი არის ბრიუსელი, მაგრამ მოიცავს ბელგიას. ეს ფესტივალი ეწყობა სამეფო ოჯახის პატრონაჟით. ირჩევა ქვეყანა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ფესტივალი. ეს ღონისძიება არის ძალიან დიდი მასშტაბის, მოიცავს კულტურის ყველა სფეროს და გრძელდება 4 თვე. სექტემბრიდან იანვრამდე იმართება 400-მდე ღონისძიება. 2022 წლის Europalia – ასე ჰქვია ამ ფესტივალს – მიეძღვნება საქართველოს. 2022 წლის სექტემბრიდან ბრიუსელში, მთლიანად ბელგიაში და ევროპულ დედაქალაქებში იქნება ქართული კულტურის ზეიმი“, – განაცხადა ნატალი საბანაძემ.
ელჩმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაფართოების საკითხის „დაბრუნებაზე“: „გამოწვევები ბევრია. თვითონ ევროკავშირი დგას გამოწვევების წინაშე. ის, რაც შიგნით ხდება, თავისთავად, ჩვენზეც მოქმედებს, მაგრამ საინტერესოა, რომ წელს დაბრუნდა გაფართოების თემატიკა ევროკავშირის დღის წესრიგში. ეს ეხება ბალკანეთს, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. თემა რამდენიმე წელი გაყინული იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან გვაძლევს იმედს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება. … გაფართოება არ არის მარტივი პროცესი, რადგან ბალკანეთის ქვეყნებშიც ზოგი წინ არის, ზოგი უკან და თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც გაყოფილები არიან მხარდაჭერაზე. ბალკანეთის მიმართ დაანონსებულია თარიღი – 2025. ამ თარიღისთვის ბალკანეთის ქვეყნები თუ მზად იქნებიან, ევროკავშირიც მზად იქნება მათ მისაღებად. ჩვენ ჯერ ეს თემა არ გვეხება, მაგრამ გაფართოების საკითხის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სიგნალია, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა. რაღაც მომენტში ალბათ ჩვენთან მიმართებაშიც დადგება თარიღის საკითხი, თუმცა ჯერ ეს მომწიფებული არ არის“, – განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა ევროკავშირში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები