საზოგადოებასაბერძნეთი

დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში – ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება

რამდენიმე დღის წინათ საბერძნეთის სახელმწიფო სტატისტიკურმა სამსახურმა შემაშფოთებელი მონაცემები გამოაქვეყნა. 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, უკვე მეშვიდე წელია საბერძნეთის მოსახლეობა მცირდება.

2017 წლის მონაცემებით საბერძნეთში ახალშობილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 4.7 პროცენტით შემცირდა და 88 500 შეადგინა. ამავე დროს, 4.8 პროცენტით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი და 124 ათასს გადააჭარბა. შესაბამისად, დაახლოებით 35 ათასი ადამიანით შემცირდა ქვეყნის მოსახლეობა. ცხადია, ეს შემცირება შობადობასა და გარდაცვალებას შორის ბიოლოგიურ ბალანსს ასახავს და არ ეხება მოსახლეობის შემცირების ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ემიგრაცია. ბოლო დროს ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი ბერძენი ტოვებს სამშობლოს და ეს ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
საბერძნეთის მოსახლეობის 35 ათასით შემცირება ნიშნავს, რომ დაიკარგა ერთი პატარა ქალაქის, მაგალითად, რეთიმნოს ტოლფასი მოსახლეობა.

მოსახლეობის ზრდის ტემპი საბერძნეთში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაეცა. 2010 წლამდე გარდაცვალებასა და შობადობას შორის ბალანსი მეტ-ნაკლებად ნარჩუნდებოდა, ხოლო ბოლო დროს ქვეყნის მოსახლეობა მუდმივად იკლებს, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას მოასწავებს.

საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ახალშობილთა 17 პროცენტი უცხოელია, მაშინ როდესაც დღეს იმიგრანტები ქვეყნის საერთო მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლებს შეადგენენ. შესაბამისად, უახლესი ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთის დემოგრაფიული სურათის ხარისხობრივ ცვლილებას უნდა ველოდოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს დაახლოებით 35 ათასმა იმიგრანტმა მოიპოვა საბერძნეთის მოქალაქეობა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close