მიგრაციამსოფლიოიტალია

იტალიის მთავრობამ პარლამენტში კვლავ დააყენა მისდამი ნდობის საკითხი

იტალიის კოალიციურმა მთავრობამ „5 ვარსკვლავის მოძრაობისა“ და „ლიგის“ შემადგენლობით კვლავ დააყენა მისდამი ნდობის საკითხი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში, სადაც იმიგრაციისა და უსაფრთხოების დეკრეტს განიხილავენ. ამის თაობაზე გამოცემა ANSA იუწყება.

როგორც ადრეც ვწერდით, პარლამენტარებზე ზეწოლის ამ ფორმის (ნდობის ვოტუმი) გამოყენებით ჯუზეპე კონტეს მინისტრთა კაბინეტი ცდილობს თავიდან აიცილოს რაიმე სახის შესწორებები და ცვლილებები დოკუმენტის ტექსტში. დეკრეტი 7 ნოემბერს უკვე მიიღო სენატმა (ზედა პალატა) და მთავრობამ მაშინაც ნდობის ვოტუმის პროცედურას მიმართა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მთავრობა ჩქარობს, რადგან კანონად რომ იქცეს, „სალვინის დეკრეტი“ პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს არა უგვიანეს 3 დეკემბრისა, სხვა შემთხვევაში ის ძალას დაკარგავს. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მასში შევა, ნიშნავს, რომ დეკრეტი ხელახლა უნდა განიხილონ სენატში, რისთვისაც, პრაქტიკულად, დრო აღარ არის.

მთავრობის სიფრთხილე იმითაა გამოწვეული, რომ პარლამენტის ზედა პალატაში, ისევე როგორც ქვედა პალატაში, დეკრეტის მოწინააღმდეგეებიც არიან „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“. სენატში მათი რიცხვი 5  იყო, დეპუტატთა პალატაში კი – 19-ია. იმის მიუხედავად, რომ ამ 19-მა დეპუტატმა, მათივე პარტიის ხელმძღვანელობის ზეწოლით, მოხსნა წარმოდგენილი შესწორებები, მინისტრთა კაბინეტმა, როგორც ჩანს, მაინც არჩია თავი დაიზღვიოს, მმართველი უმრავლესობის ორი პარტნიორის ისედაც რთული ურთიერთობების გათვალისწინებით.

დეკრეტის მოწინააღმდეგეების მკვეთრ კრიტიკას, რომლის ერთ-ერთი ავტორი და მთავარი პოლიტიკური ლობისტი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინია, იწვევს ის ფაქტი, რომ ტერორიზმისა და მაფიის წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან ერთად „უსაფრთხოების დეკრეტი“ შეიცავს პუნქტებს, რომლებიც იმიგრაციას ეხება. მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის აზრით, არ შეიძლება მიგრანტების და კრიმინალების ერთ სიბრტყეზე დაყენება. ზუსტად იგივე არგუმენტი აქვს „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ აქტივისტების მნიშვნელოვან ნაწილსაც.

3 დეკემბრამდე კი სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close