იტალიაკულტურა

დიდი იტალიური კინოს „უკანასკნელი იმპერატორი“ გარდაიცვალა

დღეს დილით რომში, თავის სახლში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი. იგი მძიმე სენით იყო ავად.  „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ოქროს ლომის“ და სხვა პრესტიჟული კინოპრემიების ლაურეატი იტალიელი რეჟისორის 22 ფილმია შესული მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში, მათ შორის, დოკუმენტური სურათებიც.

ბერტოლუჩის ფილმები – „კონფორმისტი“, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცე საუკუნე“, „უკანასკნელი იმპერატორი“, „პატარა ბუდა“, „გამქრალი სილამაზე“ და „მეოცნებენი“  არა მარტო მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში შევიდა, არამედ თითოეულმა მაგანმა ამ ისტორიის ახალი თავი დაიწყო. 1988 წელს ფილმისთვის „უკანასკნელი იმპერატორი“ ბერნარდო ბერტოლუჩიმ, სრულიად დამსახურებულად, ცხრა ნომინაციაში მიიღო „ოსკარი“.

რეჟისორს კინოსადმი ინტერესი კინოკრიტიკოსმა მამამ გაუღვივა ბავშვობაში, რომელიც ბიჭუნას ფილმებზე ესაუბრებოდა და გადაღებებზეც დაჰყავდა. პატარა ბერნარდო ინტერესით უყურებდა რეჟისორის და ოპერატორის მუშაობას და უკვე 16 წლის ასაკში თავადაც დაიწყო სამოყვარული ფილმების გადაღება.

თუმცა არჩევანის დრო რომ დადგა, მან ფილოსოფია აირჩია და რომის უნივერსიტეტში ჩააბარა. ბერნარდო ბერტოლუჩი ძალიან კარგ ლექსებსაც წერდა და ეროვნული პრემიაც კი აქვს მიღებული, როგორც პოეტს.

იგი ლექსების წერას მერეც აგრძელებდა, როდესაც მისი პირველი მხატვრული ფილმი გამოვიდა.

თავისი არსით ბერნარდო ბერტოლუჩი კულტურული პროვოკატორი გახლდათ, იგი აღმერთებდა საუბარს იმაზე, რაზეც საუბარი მიღებული არ იყო – მაგალითად, ფილმში „კონფორმისტი“ რეჟისორი ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას, საიდან წარმოიშვა ფაშიზმი, ხოლო „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ საზოგადოებისთვის ნამდვილი სილის გაწვნა იყო არსებული მორალის გამო…

ბერტოლუჩის ფილმებს სკანდალური შარავანდედი ახლდა, მათზე კამათობდნენ, იკვლევდნენ თითოეულ კადრს…

კაცობრიობის კულტურის აკვანმა – იტალიამ მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაშიც უზარმაზარი წვლილი შეიტანა. იტალიელმა რეჟისორებმა შექმნეს განსაკუთრებული კინემატოგრაფიული სამყარო, არაჩვეულებრივი ძალის და მიზიდულობის, სრულიად გამორჩეული, რომლის „ხელწერა“ შეუძლებელია სხვაში აგერიოს.

ბერტოლუჩამდე წავიდნენ დიდი სერჯო ლეონე, არაჩვეულებრივი პიერ პაოლო პაზოლინი, მგრძნობიარე ფრანკო ძეფირელი, გასაოცარი რობერტო როსელინი, სრულიად გამორჩეული ლუკინო ვისკონტი, მაგიური ვიტორიო დე სიკა, სიცოცხლეშივე კლასიკოსად ქცეული მიქელანჯელო ანტონიონი და მსუბუქი და, ამავე დროს, ღრმა ფედერიკო ფელინი… უდიდესი იტალიელი რეჟისორების კოჰორტიდან ბერტოლუჩი უკანასკნელი იყო…

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close