მსოფლიოპოლიტიკაიტალია

მატეო სალვინი: საპენსიო რეფორმა 600 ათას სამუშაო ადგილს გამოათავისუფლებს

„საპენსიო რეფორმა იტალიაში საშუალებას მისცემს 600 ათას მოქალაქეს, ადრე გავიდეს პენსიაზე, ამასთან, ამდენივე ახალგაზრდა შეძლებს სამუშაოს მოძებნას“, – განცხადა გუშინ იტალიის ვიცე-პემიერმა მატეო სალვინიმ. ამ ინფორმაციას ADNKRONOS-ი ავრცელებს.

იტალიის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა სწორედ ახალგაზრდების უმუშევრობაა, ხოლო შრომის ბაზარზე ასიათასობით ახალი სამუშაო ადგილის გამოჩენა ახალგაზრდებს საშულებას მისცემს, იტალიაში დასაქმდნენ და ქვეყანა არ დატოვონ, – ვარაუდობს სალვინი.

ამჟამად იტალიაში საპენსიო ასაკი რთული სქემის მიხედვით გამოითვლება და საშუალოდ 67 წელს შეადგენს. ახალი წესებით, რომელიც 2019 წელს შევა ძალაში, პენსიაზე გასვლა შეეძლება მოქალაქეს 100-იანი კვოტის საფუძველზე – ანუ იმ ადამიანებს, რომელთა ასაკის და სტაჟის ჯამი 100 წელზე ნაკლები არ იქნება. აუცილებელი პირობაა, რომ მოქალაქე არ უნდა იყოს 62 წელზე უმცროსი და მისი სამუშაო სტაჟიც, სულ ცოტა, 38 წელს უნდა შეადგენდეს.

საპენსიო ფონდის პრეზიდენტი ტიტო ბოერი გასულ კვირაში აცხადებდა, რომ საპენსიო ასაკის შემცირების შემთხვევაში იტალიას 2020 და 2021 წლებში რესურსები არ ეყოფა.

ბოერი ვარაუდობს, რომ საპენსიო ასაკის შემცირების შემთხვევაში 2020 და 2021 წლებში პენსიაზე გავა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე 2019-ში (სამჯერ, ორჯერ მეტი), მაშინ როდესაც ბიუჯეტში პენსიისთვის ერთნაირი მოცულობის თანხებია დაგეგმილი (6,7 მლრდ ევრო – 2019 წელს, 7 მლრდ – 2020-სა და 2021 წლებში).

ვიცე-პრემიერმა სალვინიმ ამ განცხადების საპასუხოდ საპენსიო ფონდის პრეზიდენტს ურჩია, შეწყვიტოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება და არჩევნებზე ოპოზიციის სიებში ჩაეწეროს. უფრო ადრე კი სალვინი მოუწოდებდა ბოერის თავის საარჩევნო პროგრამაში საპენსიო ასაკის 80 წლამდე გაზრდა შეეტანა.

როგორც ცნობილია, საპენსიო თემა არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის გამოც ევროკავშირმა იტალიის 2019 წლის ბიუჯეტი საბოლოოდ უარყო და მას სანქციებით ემუქრება. საქმე ის არის, რომ 2019 წელს იტალიის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,4%-ია – 0,6%-ით მეტი, ვიდრე 2018 წელს, ხოლო ბიუჯეტში 2,3 ტრილიონი ევროს ოდენობის სახელმწიფო ვალია ჩადებული (მშპ-ის 130%). დაგეგმილი ხარჯების საფუძველზე მთავრობას უნდა, შეამციროს საპენსიო ასაკი, აგრეთვე, შეამციროს საგადასახადო ტვირთი და შემოიტანოს სოციალური გარანტიები უმუშევრებისთვის გერმანიის მაგალითზე. ევროკავშირის პოზიციის მიუხედავად იტალიის მთავრობა 2019 წლის ბიუჯეტის შეცვლას და თავისი გეგმებიდან გადახვევას არ აპირებს. ყველაზე სკეპტიკოსებმა უკვე „დააანონსეს“ ევროკავშირის დაშლა რომის და ბრიუსელის უთანხმოების გამო.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მატეო სალვინი, EMG-ს გამოკითხვით, დღეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია: მას იტალიელთა 52% უცხადებს ნდობას (ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, უპარტიო ჯუზეპე კონტეს – 41%, მეორე ვიცე-პრემიერს, „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერს ლუიჯი დი მაიოს კი – 39%).

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close