ეკონომიკასაქართველო

საქართველოში საბანკო სესხების გაცემის პირობები გამკაცრდება

პრემიერ-მინისტრ ბახტაძის მიერ 19 ნოემბერს დაანონსებული ვალების ტოტალური ჩამოწერის შემდეგ, ახალი წლიდან მოვალეთა რეესტრი ეროვნული ბანკის გამგებლობაში გადავა. ქვეყანაში ე. წ. „შავი სია“ აღარ იქნება, სამაგიეროდ, ბევრად გართულდება სესხის გაცემის პირობები, – ამ განცხადებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აკეთებს.

აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მოვალეთა რეესტრში ამჟამად 750 000 მოვალეა და მათ რეგულირებას პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკი მოახდენს. ამ სიიდან, სავარაუდოდ, 600 ათასზე მეტი მოვალე ამოვარდება. შესაძლოა, ეს რიცხვი უფრო მეტიც იყოს, რადგან 600 000-ზე მეტ ადამიანზე უკვე მიღწეულია შეთანხმება ძირითად საფინანსო ორგანიზაციებთან და დანარჩენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე თქმით, 3 დეკემბრისთვის უკვე ცნობილი იქნება, რეალურად რამდენ მოვალეზეა საუბარი; პირველი იანვრიდან ამოქმედდება რეგულაციები, რომლის მიზანია, ადამიანებმა აღარ აიღონ სესხი, თუკი მისი გადახდა არ შეუძლიათ. ეს პირობა მკაცრად უნდა შესრულდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ისევ არასაიმედო გადამხდელად არ იქცეს. ამ ეტაპზე, ე. წ. „შავი სიიდან“ ამოღებით მოქალაქეებს ეძლევათ შანსი, ეკონომიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, – აცხადებს ზოიძე.

ე. წ. „შავი სიის“ ზრდისა და ადამიანების გაღატაკების პარალელურად საქართველოში ასტრონომიულად იზრდება კომერციული ბანკების შემოსავლები და მოგება. 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 103,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 177,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის ოქტომბერში ბანკებმა მოგების სახით 37,2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს – მიმდინარე წლის ოქტომბერში ბანკების შემოსავლებმა 379,176 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 258,166 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალი 8 369 მილიონი ლარია, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება კი – 20,441 მილიონი ლარი.
ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35 445 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close