17 ნოემბერი – ათენის სტუდენტობის ყოველწლიური ამბოხის დღე

1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ძალაუფლება სამხედრო ხუნტის ხელში აღმოჩნდა. ხუნტამ გააუქმა არჩევნები, დააწესა ცენზურა, დაშალა პოლიტიკური პარტიები და დააპატიმრა სამოქალაქო აქტივისტები.

დიქტატურის წინააღმდეგ ბერძნული საზოგადოების ბრძოლის ავანგარდში სტუდენტები აღმოჩნდნენ. 1973 წლის 14 ნოემბერს ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაკეტეს სასწავლო დაწესებულების მთავარი ჭიშკარი და უნივერსიტეტის თავისუფალი რადიოსადგურის მუშაობის დაწყების შესახებ გამოაცხადეს. 14-იდან 17 ნოემბრამდე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა რამდენიმე შეტაკება სტუდენტებსა და პოლიციას შორის. 17 ნოემბერს, გამთენიისას უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან, პატისიონის ქუჩაზე სამხედროები და რამდენიმე ტანკი გამოჩნდნენ. ერთ-ერთმა ტანკმა უნივერსიტეტის მთავარი ჭიშკარი შეანგრია, რის შემდეგაც სტუდენტებსა და პოლიციას შორის ფართომასშტაბიანი შეტაკება დაიწყო. დაახლოებით ერთ საათში სასწავლო დაწესებულება ძალოვანმა სტრუქტურებმა მთლიანად დაიკავეს და რადიომაუწყებლობა შეწყვიტეს.

17 ნოემბრის მოვლენები მსხვერპლით დასრულდა, თუმცა დღემდე არაა ცნობილი, ზუსტად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 2003 წელს გამოქვეყნდა, სულ 24 ადამიანი დაიღუპა.

საბერძნეთში დიქტატორული რეჟიმი 1974 წელს დაემხო. ამის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობა, რომელიც, ტრადიციულად, რადიკალური მემარცხენე შეხედულებებით გამოირჩევა, მუდმივად აღნიშნავს ამ ტრაგიკულ თარიღს. 17 ნოემბრის ყოველი წლისთავი, როგორც წესი, არეულობაში გადაიზრდება ხოლმე. ზოგჯერ არეულობის მასშტაბები ძალიან დიდია და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარე შენობებსა და პარკირებულ ავტომობილებს სერიოზული ზიანი ადგება.

იხილეთ დღეს გადაღებული ვიდეო: ვიდეოში ჩანს უნივერსიტეტის მთავარი ჭიშკარი, რომელიც 1973 წლის 17 ნოემბრის დილას ტანკმა შეანგრია:

უნივერსიტეტის ჭიშკრის ტანკით შენგრევის დოკუმენტური კადრები:
კომენტარები