პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან ზუსტად ერთი თვის თავზე – 28 ნოემბერს ჩატარდება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 28 ოქტომბერს 25 კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან 19 – პოლიტიკური სუბიექტის, ექვსი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო დასახელებული. მეორე ტურში გადასვლა შეძლეს დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტია უჭერს მხარს და პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

არჩევნების მეორე ტური 73 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57-ს შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მათთვის არჩევნები 26 ნოემბერს ჩატარდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო 28 ნოემბერი საქართველოში დასვენების დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close