მილიარდერის ვაჟის არაპომპეზური ქორწილი – ნახევარი მილიონი ლარის ყვავილებითა და ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე
საქართველოში მეორე დღეა ბერა ივანიშვილის ქორწილის ცერემონიის დეტალებს განიხილავენ, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართა.
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას ქორწილს კოჯორთან ახლოს მდებარე დასასვენებელმა კომპლექსმა – „ბიოლი ჰოლმა“ უმასპინძლა. ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. „კურიერის“ ინფორმაციით, რესტორანში ნახევარი მილიონი ლარის მხოლოდ ყვავილი მიიტანეს. 50 ჰექტარზე განთავსებული კომპლექსის ადმინისტრაციამ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადება გაავრცელა და სხვა მომხმარებლებისთვის 7-იდან 13 ნოემბრის ჩათვლით ტერიტორია დახურულად გამოაცხადა. კომპლექს „ბიოლი ჰოლში“ მისვლამდე ნეფე-პატარძალმა – ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. სიძე და მეჯვარეები ეროვნულ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი. მეჯვარეებს შორის იყო ბერას უმცროსი ძმა – ცოტნე და რეპერი ამიკო ჯანელიძე. პატარძალს ნეფე ტაძარში 20 წუთის განმავლობაში ელოდებოდა. საკურთხეველთან ნანუკა გუდავაძე მამამ მიიყვანა.
ტაძარში ცერემონიას პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ყოფილი პრემიერი – ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, ხოლო საღამოს კოჯორში გამართულ წვეულებაზე მივიდა თბილისის მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად. ბერა კალაძეების ვაჟის ნათლიაა.
წვეულებაზე მიწვეული იყო ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი. ქორწილში სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი ანსამბლი „ერისიონი“, რომელმაც ქართული ცეკვით გახსნა საზეიმო ცერემონია.
ქორწილში ახალგაზრდები ჭარბობდნენ, თამადა ბერას მეგობარი იყო. როგორც ჯემალ ჭკუასელი „ამბები.გე“-სთან აცხადებს: „ახალგაზრდა კაცი შესანიშნავად გაუძღვა სუფრას, ძალიან მოვიხიბლე. საერთოდ, ახალგაზრდები ისე იქცეოდნენ, რომ მათ ყურებას არაფერი სჯობდა. ბერამ თავად შეასრულა საკუთარი ორი სიმღერა… ჩვენ ორი სახის მრავალჟამიერი ვიმღერეთ, მათ შორის ერთი საეკლესიო… თქვეს ფრანგული ჯგუფია ჩამოსულიო, იმღერეს, მაგრამ ვერ ვიცანი, რომელი ჯგუფი იყო“.
ქორწილი ძალიან ვიწრო წრეში გაიმართა და აშკარად ჩანდა, რომ ოჯახმა პომპეზურობა არ ისურვა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და ყოველივე საუკეთესო უსურვა.
ნანუკა გუდავაძეს ჯვრისწერაზე „სამოსელი პირველის“ თეთრი კაბა ეცვა, ქორწილში კი – ულამაზესი ცისფერი კაბა, რომელიც ბრიტანულმა სამოდელო სახლმა Ralph & Russo-მ შექმნა. საქორწილო კაბა 2016 წლის გაზაფხული-შემოდგომის კოლექციიდან არის. ფასი უცნობია, თუმცა Ralph & Russo-ს დახვეწილი, ელეგანტური სამოსი საკმაოდ ძვირი ღირს. გასათვალისწინებელი ერთი დეტალიც – პრინცი ჰარის ცოლი – მეგან მარკლი ნიშნობის ოფიციალურ ფოტოებზე სწორედ Ralph & Russo-ს მიერ შექმნილი შავი კაბით გამოჩნდა. მეგანის კაბა, რომელიც სამოდელო სახლის, Haute couture-ის 2016 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა, 55 980 ფუნტი (თითქმის 72 ათასი დოლარი) ღირდა. ქართველი პატარძლის კაბის ფასიც, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ათასი დოლარია.
დღეს თბილისის ყველა წრეში მთავარი სასაუბრო თემა მილიარდერის შვილის ქორწილი იყო. მაგალითად, ვაგზლის ბაზრობაზე რამდენიმე ქალი იმ დეტალს განიხილავდა, თუ რატომ არ დაპატიჟეს ცნობილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქორწილში. როგორც ცნობილია, თამრიკო ბერას ნათლიაა, თუმცა ბოლო წლებია ოჯახები ერთმანეთთან აღარ ურთიერთობენ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები