მსოფლიოnewsიტალია

უამინდობამ იტალიაში, სულ ცოტა, 7 ადამიანი იმსხვერპლა, ვენეციაში წყლის დონემ კრიტიკულს 26 სმ-ით გადააჭარბა

თავსხმა წვიმამ და ძლიერმა შტორმის ქარმა, რომელიც იტალიას დაატყდა თავს, სულ ცოტა, 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩრდილოეთ იტალიის ვენეტოს ოლქის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წარმომადგენელი იტყობინება, რომ ძლიერი ელჭექის დროს ვენეტოში ქარის სიჩქარე 130 კმ/სთ-ს აღწევდა. ქალაქ ფელტრეს ერთი მცხოვრები დაცემულმა ხემ იმსხვერპლა. ვენეტოში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 160 ათასი ადამიანი. ოლქის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ რეგიონში კრიზისული მდგომარეობა გამოაცხადა.

სხვა გარდაცვლილებიც ძლიერი ქარის მიერ მოგლეჯილი ხეების ან სამშენებლო კონსტრუქციების ფრაგმენტების დაცემის გამო დაიღუპნენ. ბევრმა ადამიანმა ტრავმა მიიღო.

ნიაღვარი და ქარიშხალი იტალიას კვირას დაატყდა თავს. მეტეოსაფრთხის უმაღლესი დონე ქვეყნის 5 ჩრდილოეთ ოლქში გამოცხადდა: ლიგურია, ლომბარდია, ტრენტინო ალტო ადიჯე, ვენეტო და ფრიული ვენეცია ჯულია. ცენტრალური და სამხრეთ იტალიის ბევრ ქალაქში უამინდობის გამო მოძრაობა შეჩერდა ზოგიერთ ავტობანზე, შეფერხდა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის მუშაობა.

ვენეციაში წყლის დონემ 156 სმ-მდე აიწია, კრიტიკულად კი 130 სმ ითვლება.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განკარგულებით, ორშაბათს მობილიზებული იყო სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის მთელი ძალები. იტალიის შსს-მ პრეფექტურებს სკოლებისა და სახელმწიფო დაწესებულებების დროებით დახურვა ურჩია.

გუშინ დაახლოებით დღის პირველ საათზე (იტალიის დროით) პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება კამპანიის რეგიონის (სამხრეთ იტალია) მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა დროებით დაეკეტა. 2-ის ნახევარზე ყველა დამთვალიერებელს სთხოვეს ანტიკური ქალაქის ტერიტორიის დატოვება უსაფრთხოების მიზნით.

პომპეი დაკეტილი იქნება მანამ, სანამ უამინდობა არ ჩაცხრება.

ნინო ბაჯელიძე
ნახეთ ვიდეოზე, რა ხდებოდა გუშინ ვენეციაში:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close