მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაბერძნეთი

ათენში ბინების ფასი იზრდება უძრავი ქონებით ჩინელების დაინტერესების გამო

ათენში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება: ასობით ჩინელი ინვესტორი კვირაში სამჯერ ჩადის ათენში, სადაც აეროპორტში მათ უკვე ელოდებათ უძრავი ქონების აგენტები და პირდაპირ გასაყიდად გამზადებულ ობიექტებზე მიჰყავთ.

ჩინელებს საბერძნეთი უძრავი ქონების დაბალი ფასისა და ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომი „ოქროს ვიზის“ გამო იზიდავთ („ოქროს ვიზა“ გულისხმობს 5-წლიან ბინადრობის უფლებას, იმ პირობით, რომ უცხოელი საბერძნეთში 250 ათასი ევროს ღირებულების უძრავ ქონებას შეიძენს).

Reuters-ის ინფორმაციით, „ეს თანხა სრულიად საკმარისია, რომ საბერძნეთის დედაქალაქში 2-3 ბინა იყიდო, მაგალითად, აკროპოლისის ხედით. მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ეკონომიკა კრიზისში ჩაეფლო, უძრავი ქონების ფასი მის რეალურ ღირებულებაზე 40%-ით ნაკლებია“.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების ფასი 0,8%-ით გაიზარდა (პირველ კვარტალში 0,1%-იანი კლების შემდეგ). საბერძნეთის ბანკის მონაცემებით, ეს არის პირველი შემთხვევა 2008 წლის შემდეგ, როდესაც ზრდა დაფიქსირდა.

იმავე მონაცემებით, უძრავ ქონებაში უცხოური ინვესტიციები 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, 91%-ით გაიზარდა და 287 მლნ ევროს მიაღწია. 2018 წლის პირველ 7 თვეში უძრავი ქონების გაყიდვიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული გადასახადები 41%-ით (წლიური გაანგარიშებით) გაიზარდა და 204,7 მლნ ევრო შეადგინა (საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელი სამსახურის, ΑΑΔΕ-ს მონაცემებით).

ლეფტერის პოტამიანოსი, უძრავი ქონების ათენის ასოციაციის ხელმძღვანელი, ამტკიცებს, რომ მათი კლიენტების დიდი უმრავლესობა უცხოელია. „რა თქმა უნდა, უძრავი ქონების შეძენისას ჩინელები დიდი უპირატესობით ლიდერობენ“, – ამბობს იგი და დარწმუნებულია, რომ ათენში ბინების ფასი ყოველწლიურად გაიზრდება (წლეულს და მომავალ წელს იგი ბინების 5-7%-ით გაძვირებას ვარაუდობს).

„როიტერის“ განმარტებით, ჩინურ ვალუტას – იუანს ისიც ეხმარება, რომ წლეულს ის დოლართან მიმართებაში 6%-ით დაეცა. პეკინი ზღუდავს ინვესტიციებს საზღვარგარეთ, მაგრამ ჩინელი ინვესტორები მაინც ნახულობენ საშუალებას, რომ თავიანთი ფული ქვეყნის გარეთ გაიტანონ.

„საბერძნეთი თანდათან ხდება რეგიონი, რომელიც უცხოელებს მუდმივი ბინადრობისთვის იზიდავს. ბევრი აპირებს აქ პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრებას“, – ამბობს იოანის ანასტასიადისი, კომპანია Anastasiades Group-ის ხელმძღვანელი (ეს კომპანია ჩინელ ინვესტორებს მომსახურების უფრო ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის, ადვოკატების კონსულტაციას და ნოტარიუსების მომსახურებას ვიზის მისაღებად).

ჩინეთის ინტერესი ათენში უძრავი ქონების მიმართ მოიჯარეებისთვის სასიამოვნო ამბავი რომ არ არის, ცხადია. „უძრავი ქონების ფასის ზრდა ქირის ზრდასაც იწვევს, ზოგჯერ კი შეიძლება მოიჯარეს ბინის დაცლა მოუწიოს, თუ გაზრდილი ფასის გადახდაზე არ დათანხმდა“, – ამბობს ანგელოს სკიდასი, ΠΑΣΥΠΕ-ის (საბერძნეთის მოიჯარეების დაცვის ორგანიზაცია) და სახელმწიფოს ამ საკითხის რეგულირებას სთხოვს.

2013 წლიდან, როდესაც საბერძნეთში „ოქროს ვიზის“ პროგრამა დაიწყო, 3404 ბინადრობის უფლებაა გაცემული, აქედან თითქმის 1700 – ჩინელებზე (Еnterprise Greece-ის მონაცემები). უძრავი ქონების ბაზარზე უდიდესი ჩინური ვებპორტალის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩინელების ინტერესი საბერძნეთის მიმართ 2018 წლის პირველ კვარტალში გაორმაგდა, მე-2 კვარტალში კი – გასამმაგდა.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: Reuters

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close