თურქების მიერ დაკავებული ორი ბერძენი სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა

თურქების მიერ მიმდინარე წლის პირველ მარტს დაკავებული ორი ბერძენი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც პატრულირებისას ცუდი ამინდის გამო უნებლიეთ გადაკვეთეს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარი, სასამართლოს მოლოდინში ციხიდან გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

თურქული სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლომ განიხილა მათი თხოვნა გათავისუფლების თაობაზე და დაადგინა, რომ არ არსებობს დაკავებული სამხედროების პატიმრობაში დატოვების რაიმე მიზეზი. დადგენილებაში არ წერია არაფერი მათი გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე, შესაბამისად, ჯარისკაცებს შეუძლიათ საბერძნეთში დაბრუნდნენ.

ლეიტენანტმა ანგელოს მიტრეტოდისმა და სერჟანტმა დიმიტრის კუკლაძისმა მკაცრი რეჟიმის ციხეში ედირნში 167 დღე დაყვეს. ამ ხნის განმავლობაში მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ტვიტერით გაავრცელა განცხადება, რომ თურქების მიერ დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლება „არის სამართლიანობის აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტაბილურობის გამყარებას რეგიონში“.

ციპრასმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს „სიმამაცის, მოთმინებისა და ნდობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს“.

ბერძენი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერდოღანის მკვეთრი განცხადებები და თურქების პროვოკაციული ქმედებები საბერძნეთთან დაკავშირებით, რეალურად, ერდოღანის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო.

კომენტარები