ემიგრანტებო, გამოიყენეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება!

21 ივლისს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო – თავდაპირველად კანონპროექტის განხილვის დასრულების ვადად 21 სექტემბერი იყო განსაზღვრული. ორგანული კანონის ახალი რედაქციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს.

„მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივმართო ქართულ ემიგრაციას, რომელიც ახლა გულდასმით გვადევნებს თვალს, ვინაიდან ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღებას.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმებმა მოიცვა ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ძირეული ინტერესები.

საქართველოს კონსტიტუციაში პირველად გაკეთდა დიასპორის შესახებ ჩანაწერი, რომ: „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“. … საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ასევე მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას.

თავის დროზე კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ორმაგ მოქალაქეობას დიდ პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისთანავე ისინი ავტომატურად კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ამჟამად ეს პრობლემა მოხსნილია. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც ამ მოტივით დაკარგეს მოქალაქეობა, მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ სახელმწიფოს და მათ გამარტივებული წესით დაიბრუნონ საქართველოს მოქალაქეობა.

ამავე დროს, ვიღებთ გარკვეულ სამართლებრივ ბარიერსაც, რათა საქართველოს მოქალაქეობა არ იქნეს გამოყენებული ქართული სახელმწიფოს საზიანოდ. კერძოდ, ამის მაგალითებია: ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 5-წლიანი ცხოვრების ცენზის 10 წლამდე გაზრდა და გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას 2-წლიანი ცხოვრების ცენზის 5 წლამდე გაზრდა.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დღემდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა საგამონაკლისო წესით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესს. წარმოდგენილი ცვლილებით ჩნდება ორმაგი მოქალაქეობის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები – სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობის სახით“.

ზვიად კვაჭანტირაძის წერილში განმარტებულია, რომ მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების მეშვეობითაც საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ორი წლის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით.
ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც, რაც მნიშვნელოვანი ჩანაწერია.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ დიასპორას უცხოეთში შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი პოტენციალი, როგორც ინტელექტუალური და კულტურული, ისე ფინანსური და ეკონომიკური, უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოში.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისათვის სახელმწიფო ინტერესის შეფასებისას, სხვა გარემოებათა შორის, მხედველობაში იქნება მისაღები შემდეგი გარემოებები: თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და თავად იგი, ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი; აგრეთვე, იგი სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო წავიდა ემიგრაციაში.
„კანონი პირდაპირ უკავშირდება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამართლებრივ ინტერესებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტს – დიასპორაზე ზრუნვას, შესაბამისად, მინდა ყველას მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ამ კანონით წარმოდგენილი უფლებები, რასაც შედეგად მოჰყვება სამართლებრივი კავშირის აღდგენა დიასპორას/ემიგრანტებსა და ქართულ სახელმწიფოს შორის.
ყველას გილოცავთ ამ კანონის მიღებას და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღეთ მთელ ამ პროცესში“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე ემიგრანტებისადმი მიმართვაში.

კომენტარები
Загрузка...