ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ყოფილი ბალერინა, ქორეოგრაფი ანი გადელია ნიუ-იორკში პატარებს ცეკვას ასწავლის

„მიყვარს გამოთქმა – THE AMERICAN DREAM. ყველას ეძლევა შანსი, იყოს წარმატებული და ბედნიერი, მთავარია რწმენა, შრომა და მოთმინება, განსაკუთრებით – ემიგრაციაში“, – ამბობს ყოფილი ბალერინა, ქორეოგრაფი ანი გადელია, რომელიც ნიუ-იორკში პატარებს ბალეტს ასწავლის.

ანი, რა მიზნით წახვედით ამერიკაში და რამდენი ხანია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობთ?
14 წელია უკვე. ქორეოგრაფი ვარ და საქართველოდან ჩემი გამგზავრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო – პროფესიული ზრდა-განვითარება.

როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება ბალეტით?
6 წლიდან ფიგურულ სრიალზე დავდიოდი, სადაც ასევე ვსწავლობდი საბალეტო კლასშიც. საქართველოში სპორტის ეს სახეობა – ფიგურული სრიალი იმ დროისთვის არ იყო განვითარებული, იყო შემთხვევები, როცა ყინულიც კი გვიდნებოდა…

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდით…
10 წლის ასაკში ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შევედი. სწორედ აქედან იწყება ჩემი, როგორც ბალერინას, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება. პატარაობიდანვე ვმონაწილეობდი საბალეტო სპექტაკლებში ოპერისა და ბალეტის თეატრში. დღემდე მახსოვს მომატებული პულსი და შიშისგან გაყინული ხელები კულისებში, სპექტაკლის დაწყების მოლოდინში.

საყვარელი გმირი თუ გყავთ?
დიახ, რა თქმა უნდა – ჟიზელი.

ამჟამად რას საქმიანობთ?
აღარ ვცეკვავ, სამწუხაროდ. ემიგრაციაში რთულია წარმატებას მიაღწიო შენს პროფესიაში, მით უმეტეს, ბალეტში და ასევე იყო ორი შვილის დედა, რომელთაც ძალიან დიდი ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდებათ, თუმცა ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრ Dancing Crane-ში საბალეტო სკოლას ვხელმძღვანელობ. მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება პატარა ბალერინებს გავუზიარო.

რა ასაკიდან იღებთ პატარებს?
ბალეტზე ბავშვის მიყვანა მშობელს შეუძლია 3 წლიდან. მართალია, ამ ასაკში ბევრს ვერაფერს სწავლობენ, მაგრამ ცეკვა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ეხმარება ბავშვებს და, ამასთან ერთად, ერთობიან კიდეც.

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
მიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. ნიუ-იორკი ძალიან საინტერესო ქალაქია თავისი სანახაობებით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ვფიქრობ, რომ The School of American Ballet-ში დავიწყო მუშაობა. ასევე მინდა ჩემთვის საინტერესო სხვა რომელიმე პროფესიაც შევისწავლო.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
მიყვარს ეს გამოთქმა – The American Dream („ამერიკული ოცნება“ – რედ.). ყველას ეძლევა შანსი, იყოს წარმატებული და ბედნიერი, მთავარია რწმენა, შრომა და მოთმინება, განსაკუთრებით – ემიგრაციაში.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close