ათენში საქართველოს საელჩომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას უმასპინძლა

2018 წლის 30 მაისს ქ. ათენში საქართველოს საელჩომ ქ. ათენის ბიზანტიურ მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას უმასპინძლა.

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა, ადმინისტრაციული რეფორმების და ელექტრონული მმართველობის მინისტრმა ოლგა იეროვასილიმ, საბერძნეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გეორგიოს აკრიოტისმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტერენს-ნიკოლაუს ქვიქმა.

მიღებას სხვა მაღალი დონის სტუმრებთან ერთად დაესწრო საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს გენერალური პროკურორი ქალბატონი ქსენი დიმიტრიუ-ვასილოპულუ, საბერძნეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საბერძნეთის აკადემიური და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბერძენი ბიზნესმენები, ბერძნული მასმედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ქართველი სტუდენტები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები.

მიღებაზე საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული და ბერძნული ტრადიციული კერძებით, ქართული ღვინით. ქართულმა საეკლესიო გუნდმა შეასრულა ქართული საგალობლები. სტუმრებს დაურიგდათ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი საინფორმაციო ბროშურები და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალა. ღონისძიება გააშუქა წამყვანმა ადგილობრივმა არხმა ALPHA TV-მ და ჟურნალმა „Diplomatic Life“.

კომენტარები
Загрузка...