ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოუშვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად. მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და განთავსებულია წარწერები: „საქართველო ღვინის აკვანი“ და „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე“.
საფოსტო მარკა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სტატუსის გაცნობას და დამკვიდრებას არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ პორტუგალიურენოვან სამყაროში (როგორც ცნობილია, პორტუგალიური 9 სახელმწიფოს ოფიციალური ენაა, ესენია: პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, კაბო ვერდე, გვინეა-ბისაუ, სანტომე და პრინსიპი, აღმოსავლეთ ტიმორი, მაკაო).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრაზილიაში მოეწყობა საქართველოს კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ და ჩატარდება ქართული კულინარიის მასტერკლასები.
კომენტარები