ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ანა ყიფიანი: „სწავლა-განათლებას როგორც კი მოვრჩები, ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები“

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ანა ყიფიანი ამჟამად ლონდონში სწავლობს და პარალელურად კონცერტებში მონაწილეობს. ანამ შარშან პარიზში „პიანო კონკურსის“ საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა, რამაც მას ხელსაყრელი კონტრაქტი მოუტანა…

ანა, სად მიიღე მუსიკალური განათლება?
დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი თბილისში, ნუცა ჭირაქაძის კლასი, შემდეგ ხუთი წელი ვისწავლე მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასში. ამის მერე მოვიპოვე გრანტი სრულ სამაგისტრო პროგრამაზე და ამჟამად ვსწავლობ ლონდონში მუსიკის სამეფო კოლეჯში, დიმიტრი ალექსეის კლასში.

შარშან პარიზში „პიანო კონკურსის“ საერთაშორისო ჯილდო მოვიპოვე.
ამ კონკურსის მთავარი მიღწევა ჩემთვის, ვფიქრობ, ის იყო, რომ კონკურსს ესწრებოდა აგენტი საფრანგეთიდან – ჟან ოლივიე, Deutsche Grammophon-ის პროდიუსერი. მან ახლახან გახსნა თავისი სააგენტო Anteprima Productions and Artmedeo Productions, რომელიც ერთ-ერთ მსხვილ სააგენტოს პროდაქშენს შეუერთდა. მე შემომთავაზეს მათთან თანამშრომლობა. სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მათი შემოთავაზებების მიხედვით ვმონაწილეობ კონცერტებში.

ოჯახში მუსიკოსები გყავთ კიდევ?
დედა – ნანა ნაყოფია კარდიოლოგია, მამა – კახა ყიფიანი – თვითმფრინავების მშენებელ-ინჟინერი. პროფესიონალი მუსიკოსი ჩვენს ოჯახში ჩემ გარდა არავინაა, მაგრამ ოჯახურ წრეში ისინიც ძალიან მუსიკალურები არიან.

ჩემს არჩევანში დიდი წვლილი მიუძღვის დედას. 3 წლის ვიყავი, ბაღთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა და კერძო მასწავლებელთან მიმიყვანეს, რომ მოყვარულის დონეზე მესწავლა დაკვრა. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ მუსიკალური ათწლედიდან მოესმინათ ჩემთვის, რადგან ყველაფერს ძალიან სწრაფად ვითვისებდი. 5 წლის ასაკში ზაზა აზმაიფარიშვილთან ერთად  პირველად შევასრულე ბერკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი.

თავისუფალ დროს რას აკეთებ?
ყოველთვის ვცდილობ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენო. ძალიან მიყვარს თეატრში სიარული, ასევე, სხვადასხვა ჟანრის ფილმების ყურება; მიყვარს წიგნის კითხვაც და ასე განტვირთვა ყველაფრისგან… ხშირად ვცდილობ, თავისუფალ დროს საქართველოში, კერძოდ, თბილისში, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო. ვარჯიშიც ჩემი ცხოვრების ნაწილია.

ძნელია შენი გულის მოგება?
ჩემი გულის მოგება ძალიან ადვილია, რადგან ყველაზე მეტად გულწრფელობას ვაფასებ ადამიანში. შეიძლება უმნიშვნელო, პატარა დეტალმა და ყურადღებამ მოიგოს ჩემი გული – თუნდაც მოკითხვამ და მოსალოცმა ბარათმა.

შენი სამომავლო გეგმები როგორია, საქართველოში დაბრუნდები?
ძალიან მინდა საქართველოში დაბრუნება. ყოველთვის მეკითხებიან, სად ვიცხოვრებდი, რადგან ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ მოვუხიბლივარ ისე, რომ საქართველოდან სამუდამოდ წავიდე… სწავლა-განათლებას როგორც კი მოვრჩები, ჩემს ქვეყანას დავუბრუნდები, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო.
დიდი ხანია არ დამიკრავს თბილისში და სამომავლოდ სოლო კონცერტს ვგეგმავ.

შენს გულშემატკივრებს რა ეტყვი?
ჯანმრთელობას, გამძლეობას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ! მადლობა თქვენ გულშემატკივრობისთვის, სითბოსა და თანადგომისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close