ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

მილენა მილე: „ამერიკაში ოცნებები მარტივად შეგიძლია რეალობად აქციო…“  

მილენა მილე, პროფესიით სტილისტი, ამერიკას მიიჩნევს ქვეყნად, სადაც ოცნებების ახდენა მარტივად შეიძლება ემიგრანტებისთვისაც. ამბობს, რომ ბევრი გეგმა აქვს სამომავლოდ, მათ შორის, ერთ-ერთი უახლოესი გეგმა სალონის გახსნაა, სადაც ქართველების დასაქმებას აპირებს. თუმცა ჯერ, ერთ თვეში, თითქმის 4 წლის უნახავ სამშობლოში ჩამოდის, საიდანაც, როგორც თავად ამბობს, ამერიკაში ახალი ძალებით აღსავსე დაბრუნდება და გეგმების განხორციელებასაც ახალი ენერგიით შეუდგება.

მილენა, რატომ მოინდომეთ ამერიკაში ცხოვრება, სირთულეებმა არ შეგაშინათ?
ბავშვობიდანვე  ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებაზე და ეს ოცნება მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში ავისრულე. სირთულეებს რაც შეეხება, ისე არ გამჭირვებია, როგორც ბევრ ემიგრანტს, რადგან ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობდა აქ.

რომელი სკოლა დაამთავრეთ?
ვაზისუბნის 163-ე საშუალო სკოლა დავამთავრე და ჩავირიცხე ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც ჩემს დასთან ერთად ვსწავლობდი. მეორე კურსზე რომ გადავდიოდი, ჩვენს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, ავარიით გარდაიცვალა ჩემი და, რომელსაც ხელში ეჭირა ნათესავის 4 წლის გოგონა…
ვეღარ გავაგრძელე სწავლა და მოკლე პაუზის შემდეგ შევისწავლე სტილისტობა. აქაც ამ პროფესიით ვმუშაობ.

როგორც ვიცი, facebook-ის გვერდის ადმინობაც შეითავსეთ…
შევქმენი Facebook-ჯგუფი „მილე-New-მი“, რომლის საშუალებითაც ვეხმარებით ხალხს სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის მოძებნაში, ასევე, ვაწვდი მათთვის საინტერესო ინფორმაციებს. ამ ჯგუფის საშუალებით ადამიანები ეცნობიან ერთმანეთს. ასევე ჩემი ჯგუფის და „დოდო ბერიძის საინტერესო ბლოგის“ ინიციატივით, შევიკრიბეთ და ერთად აღვნიშნეთ ძველით ახალი წელი. მსურველების რაოდენობა იმაზე ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, ძალიან მოვილხინეთ. ასეთი შეხვედრა ბევრჯერ განმეორდება…

კიდევ რას საქმიანობთ?
მიგვყავს გადაცემა „გზა წარმატებისკენ“, ვაცნობთ წარმატებულ ქართველებს საზოგადოებას, ვცდილობთ გავაერთიანოთ ემიგრანტები და ყველა ქართველს დავუდგეთ გვერდით. ამას წინათ, შაბათ დღეს  მერაბ დვალიშვილის ბრძოლა იყო Atlantic City-ში, სადაც ჩვენი ორგანიზებით უამრავი ქართველი შეიკრიბა. დროშებით და მაისურებით ყველა ერთხმად ვგულშემატკივრობდით მერაბს, ეს იყო დაუვიწყარი ემოცია…

ძალიან ხშირად ჩამოდიან საქართველოდან მომღერლები, თითქმის ყოველ ვიქენდზე ვიღაცის საღამოა და მე და ჩემი მოდერატორები თითქმის ყველგან ვართ, ვცდილობთ ყველას დავუჭიროთ მხარი, შეძლებისდაგვარად.

დაოჯახებული ხართ?
არა.

საქართველოში დაბრუნებაზე და სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
უკვე მეოთხე წელია, არ ვყოფილვარ საქართველოში და ერთ თვეში მივდივარ, იქიდან კი სხვა ძალებით დავბრუნდები. სალონს გავხსნი – „მილე-New-მს“ და ქართველები იმუშავებენ  ჩემს სალონში, საქართველოდანაც წამოვიყვან კარგ სტილისტებს. ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ, ეს ქვეყანა გაძლევს ბევრის საშუალებას, აქ ოცნებები მარტივად შეგიძლია რეალობად აქციო…

რადგან ჩამოდიხართ ცოტა ხნით, ალბათ ძალიან მოგენატრათ მშობლიური გარემო, არა?
დიახ, ძალიან მენატრება ყველა კუთხე-კუნჭული. სულ ცოტაც და – ჩავეხუტები ჩემს მონატრებულ ქვეყანას და ხალხს.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close