ცუცა კაპანაძე ალ პაჩინოს კისერზე ჩამოეკიდა და სიყვარული აუხსნა

ცუცა კაპანაძე არ იცვლება იგი ემიგრაციაშიც ისევ ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე და კეთილგანწყობილია, როგორიც სამშობლოში იყო და რის გამოც ასე შეგვაყვარა ყველას თავი.

სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს.
ყველაზე კარგია – იცხოვრო შენს ქვეყანაში, აკეთო შენი საყვარელი საქმე და იმოგზაურო: გაეცნო სხვა ქვეყნის კულტურას და გაიღრმავო ცოდნა, შეიძინო მეტი გამოცდილება, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგება,- ამბობს იგი ინტერვიუში, რომელშიც nostal.ge-ს მკითხველს თავისი ემიგრანტული ცხოვრების ამბებს უყვება.

მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გაემგზავრეთ, წლები გავიდა სად და როგორც ცხოვრობთ?
მარტივი არ იყო, მაგრამ აგერ უკვე 12 წელი შემისრულდება, რაც ამერიკაში ვცხოვრობ, კერძოდ, ნიუ-იორკში.
რთულია დატოვო ყველა და ყველაფერი და გადაბარგდე იმ ქვეყანაში, რომელიც უცხოა შენთვის, ყველაფერი იწყება ნულიდან, გიწევს გარემოს შეგუება, ენის შესწავლა, რაც აუცილებელია სამსახურის მოსაპოვებლად. ამ ყველაფერთან ერთად რთულია დაძლიო ნოსტალგია. მოკლედ რომ ვთქვა, მარტივი საქმე არ არის, აქაური ქუდი დაიხურო. თუმცა მე მანამდე ამერიკაში ექვსჯერ ვიყავი გასტროლებზე ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია მოდი ნახედან, რაც წარმატებული იყო ჩვენი თეატრისათვის. ჩემი მეგობრებიც უკვე ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, ასე რომ, შედარებით ადვილად გავიარე რთული ეტაპი.

ხშირად ამბობთ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ, ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაგიმართლათ?
იღბლიანი ადამიანი ვარ ალბათ, რადგან როდესაც აქ ჩამოვედი, ნიუ-იორკში უკვე მოქმედებდა ქართული კულტურის ცენტრი, რომლის 22 წლის იუბილე ერთი თვის წინ აღვნიშნეთ; ასევე, ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელიც ჩემთვის მეორე ოჯახია. რომ არა ეს ყველაფერი, ალბათ ვერ შევძლებდი აქ დარჩენას.

ჩემი ყველა დღე დატვირთულია. 7 საათზე ვდგები, მივდივარ სამსახურში 5 საათის შემდეგ რეპეტიცია დიდებთან ან საბავშვო თეატრში, სადაც 3-იდან 10 წლამდე ბავშვებთან ვმუშაობ სპექტაკლზე ,,ბულბულის იუბილე. საოცარ ძალასა და ენერგიას მაძლევენ ბავშვები. მოდუნების საშუალება არა მაქვს. თინეიჯერების მუსიკალური თეატრიც გვაქვს, რომელიც ახალ მიუზიკლზე მუშაობს ივლისში ესპანეთში მივემგზავრებით გასტროლებზე. გასულ წელს ვიმყოფებოდით საბერძნეთში, თეატრალურ ფესტივალზე, სადაც გრან-პრი ავიღეთ. ასე რომ, რამდენადაც ძნელია ემიგრანტობა, იმდენად სასიამოვნოა, როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ.

როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის?
მთავარია, შეინარჩუნო საკუთარი სახე, ადათ-წესები, კულტურა და დაიმკვიდრო ადგილი ყველა სხვა ეროვნების წარმომადგენელთა შორის, რომლებიც შენ გარშემო არიან, ეს კი არც ისე ადვილია; მთავარია, გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს ქვეყანას, შენს ხალხს ისე, როგორც არასდროს.

რას ურჩევდით სხვებს, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ უნდა შეეგუონ შედარებით უმტკივნეულოდ უცხო გარემოს?
ახლა ტექნიკა იმდენად შორსაა წასული, რომ ოჯახის წევრების, მეგობრების მონატრება, ნახვის სურვილი ნაკლებად მტკივნეულია, თუმცა შენს სამშობლოში ჩასვლისა და ახლობლებთან ჩახუტების სურვილსა და შეგრძნებებს ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის. ყველაზე კარგია, იცხოვრო შენს ქვეყანაში, აკეთო შენი საყვარელი საქმე, პერიოდულად იმოგზაურო და გაეცნო სხვა ქვეყნების კულტურას, გაიღრმავო ცოდნა, შეიძინო მეტი გამოცდილება, რაც ცხოვრებაში გამოგადგება.


რაიმე სასაცილო ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?
ბევრი ისტორიაა, რაზეც ახლა მეცინება, მაგრამ ერთს მოგიყვებით, რომელიც ნიუ-იორკში შემემთხვა: ბროდვეიზე გადიოდა შექსპირის ვენეციელი ვაჭარი, რომელშიც მთავარ როლს ალ პაჩინო თამაშობდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად მეც დავხვდი გამოსასვლელში, რათა სურათი გადამეღო, მაგრამ მე სიყვარული ავუხსენი, კისერზე ჩამოვეკიდე და ვაკოცე. ასეთი რამ არ მახასიათებს, მაგრამ არ ვიცი, მაშინ რა დამემართა. ბოლოს ორივენი გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს, რადგან არავის გაუბედავს მისთვის ასე საჯაროდ კოცნა, სხვები მხოლოდ ავტოგრაფით და სურათით შემოიფარგლნენ. ხანდახან ასეც ხდება ხოლმე

სამომავლო გეგმებსა და საქართველოში დაბრუნებაზე რას გვეტყვით?
რაც შეეხება დაბრუნებას: რა თქმა უნდა, ვფიქრობ, მაგრამ ამ ეტაპზე არა. თუ რაიმე პროექტში დამიძახებენ საქართველოში, დიდი სიამოვნებით ჩავალ ისე, აქ ფიზიკურად ვარ, სულიერად კი ჩემს ქვეყანასთან კონტაქტი არასოდეს გამიწყვეტია ერთ-ერთი ჩემი გმირი ამბობს: სამშობლოს გარეშე ბედნიერება ფანჯრიდან დანახულ გაზაფხულს ჰგავს და მართლაც ასეა.

ქართველ ემიგრანტებს რას ეტყოდით?
უფალმა ინებოს, ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის ოჯახსა და სამშობლოს; ჩვენი ქვეყანა კი ყოფილიყოს ისევ ისეთი ძლიერი, მთლიანი და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, როგორიც დავით აღმაშენებლის დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო და იქნება კიდეც! იმედი ხომ ყველაზე ბოლოს კვდება!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები
Загрузка...