საინტერესო ფაქტები შუქნიშნების შესახებ

მსოფლიოში პირველი შუქნიშანი 1868 წლის 10 დეკემბერს დადგეს ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის შენობის სიახლოვეს. მისი გამომგონებელია ჯონ პიკ ნაიტი.

პირველი შუქნიშანი ხელით იმართებოდა და ორი ფრთისგან შედგებოდა: პირველი, ჰორიზონტალური ფრთა აღნიშნავდა სიგნალს – „სდექ“, მეორე, 45-გრადუსიანი ფრთა კი ადამიანებს ატყობინებდა, რომ ფრთხილად უნდა გადასულიყვნენ. მზის ჩასვლის შემდეგ გაზის ფანარიც გამოიყენებოდა: ის წითელ და მწვანე შუქს გამოსცემდა. სიახლის გამოჩენიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე გაზის ფანარი აფეთქდა და დაიჭრა პოლიციელი, რომელიც მას მართავდა.

პირველი ელექტროშუქნიშანი ამერიკელმა ლესტერ ვაირმა 1912 წელს შექმნა. მას ორი მრგვალი ფარი ჰქონდა – წითელი და მწვანე შუქის გასანათებლად, თუმცა ეს გამოგონება ავტორს არ დაუპატენტებია.

თუ იცით, რისთვის დადგინდა შუქნიშანზე ფერების მკაცრი განლაგება – წითელი ზემოთ, ყვითელი შუაში და მწვანე ქვემოთ? იმისთვის, რომ ფერების გარჩევა შესძლებოდათ ისეთი დაავადების მქონე ადამიანებს, როგორიცაა დიქრომაზია (მხოლოდ მკვეთრი ფერების აღქმის უნარი). გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ აღიქვამენ მწვანე და წითელ ფერებს, მათთვის თანამედროვე შუქნიშნებში წითელ სიგნალს – ნარინჯისფერი, ხოლო მწვანეს – ლურჯი ელფერი აქვს დამატებული.

თუმცა არსებობს გამონაკლისიც: პატარა ამერიკულ ქალაქ სირაკიუსში (მსახიობ ტომ კრუზის მშობლიური ქალაქი), კვარტალში, სახელწოდებით ტიპერერი ჰილი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ირლანდიელების შთამომავალია, დგას შუქნიშანი, რომელზეც მწვანე სიგნალი ზემოთაა, წითელი კი – ქვემოთ. ამ ადგილას 1925 წლიდან 3 წლის განმავლობაში იდგა შუქნიშანი ტრადიციული განლაგებით – წითელი სიგნალი ზემოთ, მწვანე ქვემოთ, თუმცა მას ბავშვები მუდმივად აზიანებდნენ. მიზეზი კი ის იყო, რომ მათი მშობლიური ირლანდიის აღმნიშვნელი ფერი – მწვანე – შუქნიშანზე ბრიტანეთის აღმნიშვნელი ფერის, წითლის ქვემოთ მდებარეობდა. ქალაქის მმართველობამ ბევრი იწვალა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ყოველ კვირა ახალი შუქნიშნების დამონტაჟება რომ მობეზრდა, 3 წლის თავზე მსოფლიოში ერთადერთი უკუღმა შუქნიშანი გააკეთა, რომელზეც მწვანე სიგნალი ზემოთაა, წითელი – ქვემოთ და ბავშვებიც აღარ ერჩიან.

კომენტარები
Загрузка...