კრიმინალიnewsსაბერძნეთი

ბერძენი ცოლ-ქმარი მხეცურად მოკლეს

კვიპროსი თავზარდაცემულია – ნიქოზიის პოლიცია ბერძენი ცოლ-ქმრის სასტიკ მკვლელობას იძიებს, რომელიც 19 აპრილის ღამის დაახლოებით 2-ის ნახევარზე მოხდა ზალონგუს ქუჩაზე მდებარე სახლში, ნიქოზიის გარეუბანში, რესპექტაბელურ რაიონ სტროვოლოსში.

პოლიციის ცნობით, კაპიუშონიანმა ორმა უცნობმა სახლში შეაღწია და ცოლ-ქმარი – გიორგოს ხაძიგეორგიუ და დინა სერგიუ, პრაქტიკულად, 15 წლის აყვანილი ვაჟიშვილის თვალწინ მოკლა; ამასთან, როგორც შემდეგ მოზარდმა თქვა გამომძიებლებთან დაკითხვაზე, მას უთხრეს, რომ არაფერს ავნებდნენ. დამნაშავეები კვიპროსულ დიალექტზე საუბრობდნენ. როდესაც მკვლელები წავიდნენ, ბიჭმა მეზობლებს დაუძახა საშველად, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს.

სასიკვდილი ჭრილობები ცოლ-ქმარს, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. მკვლელობის იარაღი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. სააგენტო „ალფას“ ინფორმაციით, პოლიციამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა, ტრაგიკული შეცდომა დაუშვა და არ გაჩხრიკა რაიონი, სადაც მკვლელობა მოხდა. დილით ნაგვის მანქანებმა ყველა სანაგვე კონტეინერი დაცალეს, რომელთაგან ერთ-ერთში შესაძლოა დამნაშავეების მიერ გადაგდებული მკვლელობის იარაღი იყო.

მოზარდის დაკითხვისას გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ბიჭი მართალს არ ამბობდა. ისინი ცდილობენ გაერკვნენ, როგორ შეაღწიეს მკვლელებმა სახლში, რადგან არც კარები და არც ფანჯრები დაზიანებული არ არის.

ახლობლები და კოლეგები მოკლულებს ახასიათებენ, როგორც მშვიდ და კეთილგანწყობილ ადამიანებს, რომლებსაც არავისთან უსიამოვნება არ ჰქონიათ. 60 წლის მამაკაცი კერძო სკოლის მასწავლებელი იყო, მისი 59 წლის მეუღლე კი – კვიპროსის ცენტრალური ბანკის თანამშრომელი.

ბერძნული გაზეთის, Kathimerini-ს ინფორმაციით, წინა დღეებში მოზარდს მისმა ბიოლოგიურმა მშობლებმა რუსეთიდან შეატყობინეს, რომ გიორგოს ხაძიგეორგიუ და დინა სერგიუ მისი ნამდვილი დედ-მამა არ იყო. მოწმეთა ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიჭმა ეს ამბავი გაიგო, გამზრდელ დედ-მამასთან სერიოზული უსიამოვნებები ჰქონდა.

კვიპროსის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცს 20-25 ჭრილობა მიაყენეს და იგი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა; ამავე მიზეზით გარდაიცვალა მისი მეუღლეც, რომელსაც 9-10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი თავს იცავდნენ, როგორც შეეძლოთ, რაზეც მეტყველებს ჭრილობები ოჯახის უფროსის მარჯვენა მკლავზე.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: https://rua.gr/news/procrim/25851-v-nikosii-ubita-semejnaya-para-grekov-kipriotov.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close