ჯანმრთელობასხვა

ალერგიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ხალხური საშუალებებით

ხართ თუ არა მიდრეკილი ალერგიისკენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ალერგიული რეაქციები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, ამიტომ ამ ინფორმაციის ცოდნა ყველასთვის საჭიროა, მეტიც – აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ ალერგიის  შემთხვევებმა ბოლო 2 ათწლეულია განსაკუთრებით მოიმატა იმის გამო, რომ ჰაერი და საკვები დაბინძურებულია.

რა არის ალერგია?

ალერგია ეწოდება მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება  ადამიანის ორგანიზმის მკვეთრი რეაქციით რომელიმე ნივთიერების მიმართ. სხვა სიტყვებით, ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა გარემომცველი სამყაროს ზოგიერთი ფაქტორის, ე. წ. ალერგენების ზემოქმედებაზე. უმეტეს შემთხვევაში ალერგენებზე ორგანიზმის ლორწოვანი გარსები და კანის საფარი რეაგირებს. ალერგიის ყველაზე გავრცელებულ გამოვლინებებს შორის გამოყოფენ ცრემლდენას, გამონაყარს, ასევე, ხუთვის (მოგუდვის) შეტევებს და სხვ.

ალერგიის მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, მაგალითად: ქიმიური ნივთიერებები (მათ შორის, სარეცხი საშუალებები, სამკურნალო პრეპარატები), მიკრობები და მათი ცხოველქმედება, პროდუქტები (მათ შორის, საკვები), ზოგიერთი სახეობის მცენარის ყვავილის მტვერი, საყოფაცხოვრებო მტვერი, ცხოველის ბეწვი, კოსმეტიკური საშუალებები და, ასე განსაჯეთ, მზის სინათლეც კი. ალერგიის გამოვლინება აბსოლუტურად ინდივიდუალურია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ალერგიის მიზეზად შეიძლება ემოციური და ფსიქოლოგიური სტრესიც მოგვევლინოს.

ალერგიის სიმპტომები

პირველი სიმპტომები შესაძლებელია სრულიად სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, კერძოდ კი:

  • ხშირი შაკიკი, თავბრუხვევა, განმეორებითი თავის ტკივილები;
  • ხანგრძლივი დეპრესია, ნევრალგია;
  • ფაღარათი და გულისრევა;
  • თივის ცხელება (ალერგიული დაავადება, რომელიც განპირობებულია ზოგიერთი სახეობის მცენარეების მტვრის მარცვლისადმი გაზრდილი მგრძნობელობით; ჩვეულებრივ, ვითარდება ბალახების და ხეების ყვავილობის პერიოდში. კლინიკური სიმპტომებია: თვალის და ცხვირის ლორწოვანი გარსების გაღიზიანება და სხვ.);
  • გაძნელებული სუნთქვა, რინიტი, კონიუნქტივიტი, ასთმა;
  • სახის და ქუთუთოების შესიება, ეგზემა.

როგორც წესი, ალერგენები იმ ადამიანებში იწვევს ალერგიას, რომელთაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. უმეტეს შემთხვევაში ზიანდება სასუნთქი გზები, კანი, ასევე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

ალერგიის პროფილაქტიკა და მკურნალობა

უსიამოვნო სიმპტომებთან ერთად ალერგიას ძალზე სერიოზული დაავადებების პროვოცირება შეუძლია, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. პროფილაქტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის კი მიზეზი უნდა დადგინდეს, რაც სპეციალისტის პრეროგატივაა. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ალერგიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები მისი გამოვლინებების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. სამედიცინო პრეპარატებით ეფექტიანად მკურნალობენ ამ პათოლოგიას, მაგრამ არც თუ იშვიათად ამ პრეპარატებს გვერდითი მოვლენები ახლავს, რომლებმაც შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ხალხური მედიცინა კი მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს იყენებს და გვერდითი მოვლენები თითქმის გამორიცხულია.

ხალხური მეთოდები ალერგიის სამკურნალოდ

ჟოლო: ალერგიის შეტევების წინააღმდეგ ეფექტიანია შემდეგი ნახარში: 50 გ ჟოლოს ფესვებს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთს. მიიღეთ 2 ს/კ ნახარში დღეში სამჯერ მანამ, სანამ ალერგიული შეტევები არ გაივლის. ჟოლოს ფესვების ნახარში მაცივარში შეინახეთ და მიღების წინ ოდნავ შეათბეთ.

ბალახების ნაკრები კიდევ ერთი ეფექტიანი საშუალებაა ალერგიის წინააღმდეგ.

დაგჭირდებათ: ძახველის ყვავილი (10 წილი), ორკბილა, ჭანგის ფესვი, სამკურნალო სალბი (სამივე – 5-5 წილი). ეს ბალახები ერთმანეთში კარგად აურიეთ, შემდეგ 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 250 გ მდუღარე წყალი და თერმოსში დააყენეთ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში. ნაყენი აუცილებლად გაწურეთ. მიიღეთ დღეში 4-ჯერ ჭამამდე. ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ. ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ დოზა შეგიძლიათ გაზარდოთ 500-600 გრამამდე დღეში (ანუ 2 სუფრის კოვზ ბალახების ნარევს დაასხით 500-600 მდუღარე წყალი). მკურნალობის კურსი 3 კვირას გრძელდება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ერთკვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ალერგიის წინააღმდეგ ეფექტიანია ასკილის ნახარში (ფეხმძიმობის დროსაც შეიძლება). ასკილს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, აქედან გამომდინარე, არა მარტო ალერგიის სიმპტომებს მოხსნის, არამედ იმუნურ სისტემასაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც ასკილის ნაყოფი, ისე მცენარის სხვა ნაწილები.

სალბი და შავი ჩაი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ალერგიული რეაქციებისგან თავდასაცავად. სალბის ნახარში (თბილი) გამოიყენება ცხვირის და ყელის გამოსარეცხად ქუჩაში გამოსვლის წინ, ხოლო შავი ჩაის ნაყენი – თვალების გასაწმენდად.

ალერგიის დროს შესანიშნავად მოქმედებს ნიახურის ნედლი ფესვებისგან გამოწურული წვენი. ნიახურის ფესვების წვენი უნდა მიიღოთ 2 ჩაის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 3-ჯერ დღეში.

ანტიალერგიული მოქმედება აქვს ხახვს. დაჭერით 4 თავი ხახვი, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი და მთელი ღამე დატოვეთ. მიღებული ნაყენი მთელი დღის განმავლობაში სვით.

ფოტოდერმატოზის (მზის ალერგია) სამკურნალოდ ხალხური მედიცინა აბზინდის ნაყენს და აბაზანებს გვირჩევს. ნაყენის მოსამზადებლად საკმარისია მცენარის 12 ნორჩი ტოტი. ღეროები კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით არაყი ან სპირტი და ბნელ ადგილას მოათავსეთ. ფოტოდერმატოზის გარეგანი მკურნალობისთვის გამოიყენება კომბოსტოს ფოთლები, კიტრისა და კარტოფილის რგოლები, ასევე, მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული მალამოები.

შავბალახა (ლათ. Leonurus) – ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა კატებზე ალერგიის წინააღმდეგ. აუცილებელია, შავბალახას ნაყენი ყელში გამოივლოთ დღეში ოთხჯერ და ცხვირიც გამოირეცხოთ. ნაყენის მოსამზადებლად შავბალახას დაქუცმაცებულ ბალახს მდუღარე წყალი დაასხით (პროპორციით 1:5 – ანუ თუ 10 გ შავბალახა გაქვთ, დაასხით 50 გ წყალი).

მუმიო – შესანიშნავი ანტიალერგიული საშუალებაა როგორც ბავშვების, ისე მოზრდილებისთვის. წამლის მოსამზადებლად 1 გ მუმიო 1 ლიტრ წყალში გახსენით. უნდა იცოდეთ, რომ მაღალხარისხიანი მუმიო წყალში იდეალურად იხსნება და ერთგვაროვან მუქ შეფერილობას აძლევს მას. მოზრდილებმა უნდა მიიღონ 100 მლ ხსნარი დღეში ერთხელ, 8 წლამდე ბავშვებმა კი – 50-70 მლ. მუმიოს თბილ რძეს აყოლებენ. ალერგიის  შემთხვევაში ბავშვებისთვის რეკომენდებულია თხის რძე.

ალერგიის სიმპტომების სამკურნალოდ ძალზე ეფექტიანი საშუალებაა კვერცხის ნაჭუჭი; რეკომენდებულია თეთრი კვერცხის ნაჭუჭისგან დამზადებული ფხვნილი. უნდა მიიღოთ მწიკვი ფხვნილი 2 წვეთ ლიმონის წვენთან ერთად ჭამის შემდეგ.

გააქტიურებულ ნახშირს ალერგიის დროს ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები გამოაქვს, სისხლს წმენდს და ორგანიზმის დამცავ ძალებს აძლიერებს. პრეპარატი რეკომენდებულია ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა: კანზე გამონაყარი, კანის გაწითლება და ქავილი, ასევე, შესიება. უნდა მიიღოთ დღეში რამდენიმე აბი (თქვენი წონის შესაბამისად, ერთი აბი – 10 კგ-ზე; მაგ., თუ 60 კგ-ს იწონით, დღეში 6 აბი დალიეთ; შეგიძლიათ ერთბაშად დალიოთ 6-ვე, ერთჯერადად, ან გადაანაწილოთ და მაგ., 2-2 ცალი დალიოთ 3-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსია 10 დღე.

გაფრთხილება: სანამ ხალხური საშუალებებით ალერგიის მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებელია ალერგიის მიზეზის დასადგენად ექიმს მიმართოთ. თვითმკურნალობამ შეიძლება უარესი შედეგი მოგვცეს, თუ საშუალება არასწორად იქნება შერჩეული. ალერგიის ზოგიერთი სიმპტომი ხალხური მეთოდებით მკურნალობას შესანიშნავად ექვემდებარება, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ მედიკამენტებით არის შესაძლებელი.

კირა კარიაული

სხვადასხვა ყვავილის მტვრის ნიმუშის მიკროსკოპული სურათი პირობით ფერებში

ასევე დაგაინტერესებთ: ორგანიზმის სიგნალები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

ეფექტიანი ბუნებრივი საშუალებები მუცლის შებერვის წინააღმდეგ

ქოლესტერინის დონის შემცირება კიტრის წვენით

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close