ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

თამთა: „სიშიშვლე  არ მაშინებს, მთავარია, ესთეტიკური იყოს“

თამთამ ინტერვიუ მისცა ბერძნულ ტელეარხ TOC TV-ს, რომელშიც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ეთერში 20 წუთს გაგრძელდა.

თამთა, რამდენიმე წლის პაუზის შემდეგ წელს კვლავ უბრუნდები მიუზიკლს. ნათქვამი გაქვს, რომ ელოდი გამოჩენილიყო ვინმე კარგი ადამიანი, რომელიც შენ შესახებ იფიქრებდა

„კაბარეში“ თამაში გასულ წელს შემომთავაზეს. მართალია, შემეშინდა, მაგრამ მერე გავიფიქრე, რომ რაც მაფრთხობს, სინამდვილეში წინსვლაში მეხმარება – თუნდაც ნახევარი ნაბიჯით წინსვლაში – ამიტომაც დავთანხმდი. ვიცოდი, რომ ამ როლის შემსრულებლის მიმართ სერიოზული მოთხოვნები იქნებოდა, მე კი სამსახიობო გამოცდილება არ გამაჩნდა. სალის ხასიათი (იგულისხმება სალი ბოულზი, რომელსაც თამთა მიუზიკლში განასახიერებს – გ. ჯ.) ძალიან განსხვავდება ჩემი პიროვნული ხასიათისგან. ის ძალიან ხმაურიანია, მე კი ასეთი არ ვარ, თუმცა ჩემთვის მთავარი პრობლემა მაინც ტექსტის დამახსოვრება და ბერძნულად ზუსტად გადმოცემა იყო. ყველანი დამეხმარნენ, მათ შორის, სოტირის ხაძაკისი. თითოეული მათგანისგან რაღაც ავიღე.

გაგიხარდებოდა, ვინმემ „საბერძნეთის ლაიზა მინელი“ რომ გიწოდოს?

ცხადია, არ მეწყინებოდა. ღმერთმაც ქნას… თუმცა ჩემთვის მთავარი იყო, როლი საკმარისად კარგად შემესრულებინა, იმედი არ გამეცრუებინა მათთვის, ვინც მენდო – პროდიუსერები, სოტირი (ხაძაკისი), მსახიობები, რომლებთანაც ერთად სცენაზე ვიდექი და იმდენად კარგი წარმოდგენა ჰქონდათ ჩემზე, რომ მეშინოდა, ეს დამოკიდებულება არ შეცვლოდათ.

ცოტა ხნის წინ გამოვიდა  შენი ახალი სიმღერის, «Πες μου αν τολμάς», ოფიციალური ვიდეოკლიპი, რომელიც სიყვარულისა და სინანულის ისტორიის შთამბეჭდავი წარმოჩენაა და შენ არ მოერიდე კლიპში შიშვლად გამოჩენას. მოგვიყევი ამის შესახებ.

სრულად მივენდე რულას (კლიპის რეჟისორი რულა კუტრუბეი – გ. ჯ.) და როცა მითხრა, რომ მზად აქვს სცენარი, რომლის მიხედვითაც გახდა მომიწევდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. სიშიშვლე  არ მაშინებს, მთავარია, ესთეტიკური იყოს.

საქართველოში, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყავი, ბევრი პრიზი მოიგე და ბევრი საუბრობდა „საოცარ ბავშვზე“. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც საბერძნეთში მშობლებთან ერთად ჩამოხვედი? როგორ მოახერხე აქაურ გარემოსთან შეგუება და იმ ადგილის მოპოვება, რომელიც ახლა გაქვს?

არაფერი გამოვა, თუკი არ იბრძოლებ და იშრომებ; ამავე დროს, ცოტა იღბალი და ჭკუაც არის საჭირო, რათა ეს ყველაფერი მოიპოვო. მე, ოთხმოციან წლებში დაბადებულსა და ოთხმოცდაათიან წლებში გაზრდილს, დედაჩემმა, ისევე როგორც ყველა დედამ საქართველოში, მოახერხა და მომცა საჭირო საფუძველი – დამეხმარა იმ გაჭირვების გადატანაში, რომელიც მაშინ ჩემს ქვეყანასა და ჩემს ოჯახში იყო. დედა დამატარებდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, რათა  ჩემი ნიჭი გამომევლინა.

გყავს ქალიშვილი, რომელიც ძალიან გიყვარს. რას ეტყოდი, თუკი X Factor-ში მონაწილეობას გადაწყვეტდა?

შესაბამისი ნიჭი რომ ჰქონდეს, პირველი ვიქნებოდი, ვინც ამას მხარს დაუჭერდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრი თვალსაზრისით ნიჭიერია, ოღონდ სიმღერაში – არასაკმარისად. დაე, იპოვოს თავისი გზა და იყოს წარმატებული. დედაჩემისა და ჩემ შემდეგ ოჯახში კიდევ ერთი ენერგიული ქალი იზრდება.

რას იტყვი საბერძნეთის შესახებ საიმიგრაციო პრობლემასთან დაკავშირებით? საკმარისად სტუმართმოყვარე ქვეყანაა?

პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი: ცხადია, ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა. როდესაც ჩემს ქვეყანაში გაჭირვების პერიოდი დადგა, ბევრი ქალი, მათ შორის, დედაჩემიც წამოვიდა აქ. დედები, რომლებიც აქ მუშაობდნენ, ჩვენ გვივლიდნენ. ბევრი ქვეყანა არ იძლევა ასეთ შესაძლებლობას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ მიმართ რაიმე რასისტული დამოკიდებულება არ მიგრძვნია. არ ვიცი, შესაძლოა იღბლიან ადამიანებს მივეკუთვნები, თუმცა ზოგჯერ თავად განვსაზღვრავთ ხოლმე ჩვენს იღბალს… ღმერთმა ქნას, რასისტული დამოკიდებულება საერთოდ გამქრალიყოს დედამიწაზე.

თამთა, რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რომელიც ცხოვრებისგან მიიღე?

არაფერია წარმოუდგენელი და ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. როდესაც მომავალზე მეკითხებიან, ვამბობ ხოლმე, რომ არასდროს იცი, რა მოხდება. მაქვს სამსახური, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ რა იცი, რა მოხდება ხვალ?! არაფერი მაშინებს, შემიძლია შევეგუო ცვლილებებს და გადავრჩე ისეთ პირობებშიც კი, რისი წარმოდგენაც რთულია.

ბერძნულიდან თარგმნა გიორგი ჯანელიძემ

ინტერვიუს სრულ ვერსიას შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ ლინკზე: http://www.thetoc.gr/politismos/article/tamta-tha-stiriza-tin-kori-mou-na-mpei-sto-x-factor-alla-mono-an

თამთას ახალი სიმღერის ვიდეოკლიპი (რეჟისორი – რულა კუტრუბეი):

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close