ლიტერატურა/წიგნებიnews

ბერლინალეს წიგნების სექციაში ქართული რომანი წელს პირველად წარდგება

ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში (15-25 თებერვალი) მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ქართველი მწერლის, დათო ტურაშვილის რომანს – „სხვა ამსტერდამს“ გაეცნობიან. კინოფესტივალის CO-PRODUCTION MARKET-ის სექცია BOOKS at BERLINALE-ზე ქართული ლიტერატურული ნაწარმოები წელს პირველად წარდგება და მას 19 თებერვალს დაგეგმილ „ფიჩინგზე“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წარადგენს. ბერლინში გამართულ ღონისძიებას რომანის ავტორიც დაესწრება.

Books at Berlinale ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი პროექტია. აღნიშნულ ფორმატში ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ასობით სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურული ნაწარმოები იგზავნება, სპეციალური ჟიური კი მხოლოდ 12 საუკეთესოს არჩევს.

Books at Berlinale-ს მიზანია მსოფლიო კინოეკრანიზაციისთვის ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევა. წელს 30 ქვეყნის 150 განაცხადიდან საუკეთესო წიგნები საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ნორვეგიიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან შეირჩა.

„სხვა ამსტერდამი“ 2015 წელს გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურმა“ გამოსცა. რომანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბებსა და მწერლის ჰოლანდიურ შთაბეჭდილებებზეა აგებული.

„ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი მელენტი მასხულია მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში აღმოჩნდა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ასე მეუბნებოდა დედაჩემი, რომელიც დაწვრილებით მიყვებოდა იმის შესახებაც, თუ როგორ გაიპარა მანამდე ბაბუაჩემი მელენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან შვიდ ქართველ ტყვესთან ერთად. ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ბაბუაჩემი მოსკოვიდან პირდაპირ ციმბირში გაგზავნეს და იქ პატიმრობაში ათი წელი გაატარა. ალბათ ამიტომაც მეუბნებოდა მამაჩემი, რომ ბაბუაჩემი არა ფაშისტებს, არამედ კომუნისტებს ებრძოდა მთელი ცხოვრება და ამის გამო აღმოჩნდა კიდეც შორეულ გადასახლებაში. ყველაზე საინტერესო კი ჩემთვის, რასაკვირველია, ბებიაჩემის ვერსია იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბაბუა, სინამდვილეში, არავის ებრძოდა (საერთოდ) და ამსტერდამში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ იქ საყვარელი ჰყავდა, რომლის ბინაშიც ომის პრობლემებს ემალებოდა. ბებიაჩემს კი მაინც ვერსად დაემალა…“, – ამბობს დათო ტურაშვილი.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენად ითვლება მსოფლიოში, საქართველო წელს მეცამეტედ მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იქნება.

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close