ერთიანი ევროპული პირადობის მოწმობა მალე შემოვა – გადაწყვეტილება მიღებულია

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთიანი ევროპული პირადობის მოწმობის შექმნის თაობაზე, რომლის აღება სავალდებულო იქნება. საიდენტიფიკაციო ბარათს საკრედიტო ბარათის ფორმა ექნება და მასში მფლობელის ბიომეტრიული მონაცემები იქნება შეყვანილი.
როგორც აცხადებენ, ახალი დოკუმენტის შექმნის მიზანია ევროპის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების გაადვილება, დოკუმენტების გაყალბების აღკვეთა, უკანონო მიგრაციის შემცირება და ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის 500 მილიონი მოქალაქე ახალ დოკუმენტს უახლოესი ორი წლის განმავლობაში მიიღებს. მისი გამოყენება სავალდებულო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის კავშირის გარეთ მოგზაურობის შემთხვევაშიც. ამ გზით შესაძლებელი გახდება ევროკავშირის იმ მოქალაქეთა გადაადგილების გაკონტროლება, რომლებიც ტერორისტული აქტების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ცნობილია, რომ საკმაოდ ხშირად აყალბებენ ბერძნულ პირადობის მოწმობებს, რის შედეგადაც საბერძნეთიდან ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ბევრი უკანონო მიგრანტი გადაადგილდება. ორი წლის წინათ ამის გამო განგაში ატეხა გერმანიამ. შედეგად, საბერძნეთიდან გერმანიაში თვითმფრინავით ჩასულ მოქალაქეებს გაძლიერებული კონტროლის გავლა უწევდათ. გერმანელებმა საბერძნეთის აეროპორტებში პოლიციელები გამოგზავნეს, რათა მათ ადგილზე გაეკონტროლებინათ სიტუაცია.

ევროპის ქვეყნებში დღემდე არსებული პირადობის მოწმობები უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რის შემდეგაც ისინი ახალი სახის საიდენტიფიკაციო ბარათებით შეიცვლება. ამ ბარათებმა უსაფრთხოების ევროპული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.

კომენტარები