პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ სამშაბათს, 15 მარტს კიევში ჩავა ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისა და ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად.
ამის შესახებ მან თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა.
„დღეს, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მე-20 დღეს ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრე ფიალასა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ერთად კიევში მივდივართ, რათა უკრაინელებს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ“, – წერს მორავეცკი.
მისი თქმით, ვიზიტი შეთანხმებულია ევროკავშირთან და ამის შესახებ ეცნობათ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელს, ევროკომიისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და გაეროს.
„მსოფლიოსთვის ასეთ გარდამტეხ დროს ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იჭედება. იმიტომ, რომ საუბარია არა ჩვენზე, არამედ ჩვენი შვილების მომავალზე, რომლებიც იმსახურებენ ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრებას“, – ხაზგასმით აღნიშნავს პოლონეთის მთავრობის მეთაური.
იგი ასევე იხსენებს პოლონეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვებს, რომელიც მან წარმოთქვა თბილისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს:
„დღეს – საქართველო, ხვალ – უკრაინა, ზეგ – ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი, შესაძლოა ჩემი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს“.
მაშინ მისმა [საქართველოში] ვიზიტმა ამ ომზე წარმოდგენა შეცვალა, ხოლო სიმამაცის დიდებულმა მაგალითმა ქართველების სულისკვეთება გაზარდა, და იგი დღემდე ახსოვთ მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნავს მორავეცკი.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები