საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა – რა შეცვალა უკრაინის მოვლენებმა ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობაში? (ვიდეო)
მხარეების თქმით, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის საფუძველი ჩაყრილია
კვირას, 13 მარტს სტამბოლში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. ერთობლივი სადილი, რომელიც ერდოღანმა მოაწყო ვაჰდეტინის საპრეზიდენტო სასახლეში, 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამის შესახებ CNN.GR წერს.
დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მეოთხეა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის 3 წლის განმავლობაში გამართული შეხვედრებიდან, უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე შედგა და სწორედ უკრაინა იყო ორი ქვეყნის ლიდერების საუბრის მთავარი თემა.
სანამ სადილი დაიწყებოდა, ერდოღანი მიცოტაკისს მიესალმა და ბოსფორის ხედი აჩვენა.
ორივე მხარის წყაროების ცნობით, შეხვედრამ ძალიან კარგ ატმოსფეროში ჩაიარა. ეს განწყობა ფოტოებსა და ვიდეოშიც ჩანს.
„ორივემ მხარემ დაადასტურა თავიანთი მყარი პოზიცია, ორმხრივი ურთიერთობა წარიმართოს მკვეთრი ტონისა და დაძაბულობის გარეშე, რაც თურქული მხარისთვის ჩვეული იყო ბოლო დროს. გადაწყდა, რომ გაწეული იქნება ძალისხმევა რიტორიკის ტონის შესამსუბუქებლად, რადგან ყველას ინტერესშია ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყოს სტაბილურობა, იმ დიდი პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ შექმნა“, – აცხადებს საბერძნეთის მთავრობის წყარო.
ამავე დროს, ათენის შეფასებით, „არსებობს განცდა, რომ ორივე მხარე საუბრობდა, როგორც მოკავშირეები, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას შეეჯახნენ, რაც რუსეთის შეჭრამ შექმნა“.
სამთავრობო წყაროების ცნობით, აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ ურთიერთობებზე და პოზიტიურ დღის წესრიგზე, სხვა საკითხებს რაც შეეხება, მიღწეულია შეთანხმება უკრაინაში ჰუმანიტარული კორიდორების შექმნის თაობაზე.
მხარეების თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მკვეთრად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების სიტუაცია, ამავე დროს, მათ უპირობოდ დაგმეს ექსპანსიონიზმის და რევიზიონიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ უსაფრთხოების დღევანდელ პირობებში საბერძნეთს და თურქეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრთაზე.
ტრაპეზის დაწყებამდე ორი ქვეყნის ლიდერებს შორის თავისუფალი საუბარი გაიმართა ჩაცმულობასა და ჩაის სმასთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ ერდოღანი და მიცოტაკისი შეხვედრის დროს ჰალსტუხების გარეშე იყვნენ, რითაც ურთიერთობისას უშუალო ატმოსფეროს გაუსვეს ხაზი. „თავისუფალი სამოსი ზოგჯერ უფრო სერიოზული დისკუსიისთვის განგაწყობს“, – აღნიშნა მიცოტაკისმა, ხოლო ერდოღანის კითხვაზე, თუ რას დალევდა, ჩაის თუ ყავას, მიცოტაკისმა უპასუხა, რომ წყალიც კარგი იქნებოდა, მაგრამ თუ თურქეთის პრეზიდენტი ჩაის მიირთმევდა, თვითონაც ჩაის დალევდა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს ზოგიერთი უთანხმოება, თუმცა შეხვედრის შედეგებით ძალზე კმაყოფილია.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მოვლენები დღევანდელი შეხვედრის სულისკვეთებით განვითარდება, შემოდგომაზე თესალონიკში გაიმართება მეხუთე უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის საკითხებზე, ხოლო ანკარაში – ნდობის განმტკიცების პაკეტის ახალი რაუნდი.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები